ერთი საწოლი, ერთი კარადა, ერთი პატარა მაგიდა, სამი სკამი და ახლობლების ნაჩუქარი ღუმელი _ ეს ყველაფერი 27 კვადრატულ მეტრ ბინაშია განთავსებული, რომლის ფანჯრებიც სახელდახელოდაა შეჭედილი, იატაკი ავარიულია, კედლები კი დაზიანებული.
ამ ბინაში 4 შვილის დედა, 57 წლის ნაირა ჯიქია ახლა ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლე 25 წლის წინ დაეღუპა. გვიყვება, რომ შვილები გაჭირვებაში გაზარდა, თუმცა, ყოველთვის ცდილობდა, მშივრები არ ყოფილიყვნენ.
_ არანაირი სამუშაო არ მითაკილია. ვმუშაობდი დამლაგებლად, მხვეტავად, მრეცხავად. თხილსაც ვკრეფდი და სხვის ყანასაც ვთოხნიდი, თუმცა, ხუთსულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არასდროს იყო. შვილები რომ წამოიზარდნენ, ისინიც მეხმარებოდნენ და ასე გაგვქონდა თავი. სანამ ჩემი შვილები არასრულწლოვნები იყვნენ, მარჩენალდაკარგულის პენსიას ვიღებდით და პური არ გვაკლდა, თუმცა, ორი წელია უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნაირა ჯიქია, რომელსაც სასმენი აპარატი სასწრაფოდ სჭირდება, თუმცა, უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს.
ჯიქიების ოჯახი მეორე წელია, სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი: _ 2015 წელს შეგვიწყვიტეს დახმარება. იმ პერიოდში ჩემმა ბიჭმა 3 თვე იმუშავა მუშად. 150 ლარს იღებდა და ამის გამო შეგვიწყვიტეს. ერთი წლის შემდეგ ისევ დავწერეთ განცხადება და მაღალი ქულა მოგვივიდა. არადა, არანაირი შემოსავალი არ გვქონია, არც ერთს არ გვიმუშავია. შეხედეთ ამ ოთახს, რა ეტყობა აქ შემოსავლის მქონე პირის ნაცხოვრების?! ლამისაა ჭერი თავზე დაგვემხოს. ყოველი ქარის ამოვარდნის მეშინია, _ ამბობს ქალბატონი ნაირა და ცრემლებს ვერ მალავს.
ჯიქიების გასაჭირზე მეზობლებიც საუბრობენ, რომელთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია. ავარიულ ბინებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქ ყველას თავი ერთმანეთის დახმარებით გააქვს:
_ ამ ბინაში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაინგრეს, ყველა გაჭირვებულია, თუმცა, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ, ლუკმა-პური გავუნაწილოთ. დღემდე ვერ გავარკვიეთ რატომ მოუხსნეს ამ ოჯახს დახმარება. ერთი ქათამიც კი არ ჰყავთ, არავითარი ქონება ამათ არ გააჩნიათ. სველი წერტილიც კი არ აქვთ ბინაში. რა უნახეს ასეთი, რომ 90-ლარიანი დახმარება არ მისცეს, არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ დიდი უსამართლობაა ეს, _ გვეუბნებიან ჯიქიას მეზობლები.
ნაირა ჯიქიას თქმით დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ ის მიუთითა, რომ 2016 წელს ნათესავისგან საჩუქრად 30 ლარი მიიღო:
_ ამის მეტი მართლაც არაფერი მქონია და რას ჩავწერდი? ამბავი რომ მოვიკითხე, შრომისუნარიანი შვილები გყავსო, მითხრეს. იმას არ მეუბნებიან, სამსახური სად ვიშოვოთ. უმცროსი გოგო, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, 19 წლისაა. 23 წლის ბიჭი ცხოვრობს კიდევ აქ _ მან სამი თვე იმუშავა და ამის გამო მდიდრებად ჩაგვთვალეს. უფროსი ვაჟი ციხეში მყავს, უფროსი გოგო ავარიულ სახლში ცხოვრობს და ისიც გაჭირვებულია. ორი პატარა შვილი ჰყავს და სოციალური დახმარებაა მათი შემოსავალი, _ აღნიშნავს ნაირა ჯიქია.
მისივე თქმით, უკიდურესი სიღატაკის გამო მისი შვილი მეუღლემ მიატოვა:
_ მოკიდა შვილიშვილს ხელი და წავიდა, აქ ვერ ვიცხოვრებო. მართლაც რთულია აქ ცხოვრება, როცა ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, რა უნდა ჭამო, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომლის სარეიტინგო ქულა 71 210-ია.
როგორც გავარკვიეთ, დეკლარაციაში თითქმის ყველა გრაფა ცარიელია _ ქონება/მიწის ნაკვეთი არ აქვს, შემოსავალი არ აქვს, ქათამი არ ჰყავს, საქონელი არ ჰყავს, იატაკი ხისაა, პენსია არ აქვს _ ერთი სიტყვით, შავით თეთრზე წერია, რომ ღატაკია, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დახმარებას ვერ იღებს:
_ ქულებს პროგრამა ანიჭებს. ჩვენ მხოლოდ დეკლარაციას ვავსებთ და ვაგზავნით, _ გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის ოფისში.
სოციალური მომსახურების სააგენტოში “გურია ნიუსს” უთხრეს, ჯიქიების ქულების დათვლის დროს გავლენა ოჯახის შრომისუნარიანმა წევრებმა მოახდინა:
“ნაირა ჯიქიას ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბოლოს გადამოწმდა 2016 წლის ნოემბერში. ოჯახის სარეიტინგო ქულა ოდნავ ცდება ზედა ზღვარს (65 000 ქულა) და სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ფულად საარსებო შემწეობას. დეკლარაციის მიხედვით, ოჯახში ფიქსირდება 2 შრომისუნარიანი წევრი, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ქულის დათვლისას და უმატებს ოჯახს სარეიტინგო ქულას. სახლის ფართი მცირეა, ასევე მითითებულია მცირედი არარეგულარული შემოსავალი ნათესავებისგან (საუბარია წლის განმავლობაში ერთჯერადად მიღებულ 30 ლარზე. ავტ).
გარდა ამისა, ოჯახის უფროს ქალბატონს ჰყავს 4 გარეთ მცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან.
თუკი ქალბატონს აღენიშნება ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, მან უნდა მიმართოს შშმპ-ს სტატუსის დამდგენ სპეციალურ კომისიას, რათა დაიდგინოს სტატუსი და მის შესაბამისად დაენიშნება სოციალური პაკეტი. ამასთანავე, მას აქვს უფლება მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვოს სმენის აპარატი, რომელსაც სააგენტო გასცემს ბენეფიციარებზე. სააგენტოს ასევე შეუძლია, ოჯახის წევრების სურვილისა და მიმართვის შემთხვევაში, დაარეგისტრირონ ისინი სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე _ www.worknet.gov.ge და დაეხმარონ მათ დასაქმებაში”, _ აღნიშნულია სააგენტოს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.