ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში.
ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე კურორტს ჩოხატაურის ცენტრიდან 52 კილომეტრი აშორებს. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა; სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები.;ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 საათი წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73% _ ეს ბახმაროს კლიმატური პირობებია.
ბახმარო სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ნევრასთენიას და ლიმფადენიტს კურნავს _ აქ სისხლი 21 დღეში იცვლება.
ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
ოზურგეთის მაზრის ექიმმა არტემ დავითიანცმა 1893 წელს ციებითა და ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ავადმყოფი ბახმაროზე გაგზავნა სამკურნალოდ, იქიდან კი უმეტესობა გაუმჯობესებული ჯანმრთელობით დაბრუნდა. 1894 წელს თავად დავითიანცი, რომელიც ასევე ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გაემართა ბახმაროზე სამკურნალოდ. მანვე პატარა სახლი ააშენა იქ (ბახმაროს მოედანი, სადაც დავითიანცმა სახლი აიშენა, დღემდე მის სახელს ატარებს).
შემდეგ წელს კი დავითიქნცი ფერშლებთან ერთად ავიდა ბახმაროზე და აკვირდებოდა სხვადასხვა სენით შეპყრობილ მოაგარაკეთა მდგომარეობას.
1895 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია . მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. მისასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან.
1900 წელს ჩამოყალიბდა „ბახმაროს მომხმარებელთა საზოგადოება ჯანმრთელობა“, რომლის ფუნქცია აგარაკის მართვა-გამგეობა და კეთილმოწყობა იყო. შეიქმნა გზის, სასურსათო-საკონტროლო, ტყეებისა და საკურორტო ზონის დაცვის კომისიები, დაიწყო მისასვლელი გზების გაჭრა და სახლების აგების ხელშეწყობის სამუშაოები. გაჩნდა პირველი მაღაზია, რომელიც ვინმე კასიანე ქინქლაძემ გახსნა.
1908-1914 წლებში ყველა დასახლებული უბანში წყაროს წყლები გაიყვანეს.
1899 წელს ბახმაროში სახალხო თეატრი ააშენეს, სადაც მსახიობებად ალექსანდრე, ევგენი, სამსონ წუწუნავები, კოლია ბებურიშვილი და სხვები იყვნენ. დგამდნენ ნაწყვეტებს შილერის „ყაჩაღებიდან“ და გოგოლის „რევიზორიდან“. 1905 წელს თეატრი დაიწვა. ახალი შენობა 1913 წელს ააგეს. 1913-1917 წლებში ბახმაროში ადიოდა სიმებიანი ორკესტრი კომპოზიტორ ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით.
1923 წელს ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. დაიწყო ბახმაროს პოპულარიზაცია, გამოდიოდა წიგნები, ეწყობოდა სამედიცინო და სამეცნიერო ექსპედიციები. 1932-1933 წლებში პროფესორ გავრილენკოს ხელმძღვანელობით ბახმაროზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანიც იყო ბახმაროს, როგორც ზამთრის კურორტის პოტენციალის შესწავლა.
1940 წელს გამოსულ წიგნში „მასალები ბახმაროს ისტორიისათვის“ ბახმარო ევროპაში ყველაზე მაღალ კურორტად მოიხსენიება: „ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია არა თუ საქართველოში და საბჭოთა კავშირში, არამედ მთელს ევროპაში. ზღვის დონიდან წმინდა მორიცის სიმაღლეა 1855 მ; აროზასი – 1.720 მ; დავოსის – 1.560 მ; ბახმაროსი კი – 2050 მ.“
1940-იანი წლების ბოლოს ბახმაროში მკურნალობდა ტუბერკულოზით დაავადებული ედუარდ შევარდნაძე.
საავტომობილო გზა ბახმაროს მიმართულებით 1980-იან წლებში გაიჭრა კურორტ ნაბეღლავიდან.
ბახმარო გასულ წელს მთავრობის ინტერესის სფეროში მოხვდა და მისი განვითარება დაანონსდა. შესაბამისი გეგმა უკვე შედგენილია და როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ბახმარო მალე ზამთრის კურორტიც იქნება.