ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა. მან აღნიშნულ ზომას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმართა.
ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი, დაახლოებით, 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა რჩება გარკვეული კერები, რაც ცეცხლის აალების საშიშროებას არ გამორიცხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოვაჭრეების ნაწილმა შეძლო საქონლის მცირე ნაწილის გადარჩენა, თუმცა, მათი თქმით, საქონელი სარეალიზაციოდ აღარ გამოდგება. მოვაჭრეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანძარი ხელოვნურად არის მოწყობილი.