საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ – ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების – ,,белизна,“ ,,белизна золушка,“ ,,белизна отбеливатель“ და „KPOT” – ის დამზადება.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი – 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება ,,белизна“ და 239 ცალი – 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება “KPOT”.
გამოძიება მიმდინარეობს სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.