საქართველოში 1992 წელს დაწყებული მიწის პრივატიზაცია, ახლა მთავრდება. მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი სარეგისტრაციო მოწმობები ახლა კანონის ძალას იძენს, მაგრამ მრავალი მოქალაქისთვის, გაურკვეველია ეს “დაკანონება”, როგორც ახლა უწოდებენ ამ პროცესს. ყველგან ისმის, რომ გაურკვეველია, რა ფასად აფორმებს მთავრობა მიწის ნაკვეთებს მისსავე მფლობელებზე.
კანონის თანახმად, “უფასო სახელმწიფო პროექტით რომ ისარგებლოს მოქალაქემ, საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მფლობელის დამადასტურებელი დოკუმენტი და აზომვითი ნახაზი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, პროექტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი. აზომვითი სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი იქნება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება დაინტერესებული პირის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მითითებით”.
ახლა მოვუსმინოთ მოქალაქეს, რომელმაც “გურია ნიუსს” წერილით მომართა და გარკვეულ დრომდე, საკუთარი ვინაობის დაფარვას გვთხოვს:
“მინდა, გთხოვოთ, ცოტა ხნით ჩემს ვინაობას ნუ გაამჟღავნებთ. ამას შიშის გამო არ ვაკეთებ _ შესაძლოა, სასამართლომდე მისვლაც დამჭირდეს. თუმცა, კიდევ იმას ვფიქრობ, იქნებ, მე ვერ გავერკვიე ბოლომდე და თქვენი დახმარებით მინდა, დავრწმუნდე, ვინმე მატყუებს თუ მე ვცდები.
იუსტიციის სახლში ახალგაზრდა გოგო-ბიჭები სხედან მაღალ სკამებზე და პასუხს უმალ გცემენ, რომ მიწის პასპორტის გაფორმება არის უფასო, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ჩემთვის სრული სიცრუე აღმოჩნდა. მაინტერესებს, სანამ მაწვალებენ. ოზურგეთში მივედი ე. წ. შპს-ში, სადაც ამზადებენ დოკუმენტებს. შემდეგ ეს დოკუმენტაცია, პირმა თავად უნდა ჩააბაროს იუსტიციის სახლში, საბოლოოდ გადასაფორმებლად. ასეც მოვიქეცი. აღნიშნულ შპს-ში მითხრეს, რომ საკუთრებაში არსებული ერთი მიწის ნაკვეთის გასაფორმებლად საჭიროა 15-20 ლარი. გადავიხადე. გამოდის, რომ შვიდი ნაკვეთისთვის, რომელიც საკუთრებაში გამაჩნია, 140 ლარამდე თანხა მჭირდება. გარდა ამისა, თუ სახლის საკუთრებაში დამადასტურებელ პასპორტსაც გავაკეთებ (როგორც მეუბნებიან, ესეც აუცილებელია), უნდა დაუმატო 120 ლარიო, მითხრეს. ესე იგი, მე ჩემი სახლი და მიწის ნაკვეთები, ყველა რომ გადავიფორმო და გავაკეთო ახალი დოკუმენტაცია, უნდა გადავიხადო 270 ლარი. ამის გარდა, საჭიროა კიდევ სხვა ცნობები იუსტიციის სახლიდან, რაც ჯამში 300 ლარამდე თანხას უდრის.
ახლა ჩემ შესახებ: მაქვს მხოლოდ პენსია. მეუღლე გარდაცვლილი მყავს, შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ და თავისი გასჭირვებიათ. რომ იყოს საშუალება და ვინმე დამხმარე მყავდეს, შესაძლოა, ეს წერილი არც დამეწერა. ახლაც იმას ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ სისტემაში მუშაობენ, არ ესიამოვნებათ ჩემი ნაამბობი. თუმცა, ვაპირებ, თუ დამჭირდა, სასამართლომდეც მივიდე. მაინტერესებს, თუ მართლა უფასოა მიწის საკუთრების დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის, ანუ პასპორტის აღება, მაშინ ამდენ თანხას რატომ ითხოვენ? ვის ჯიბეში მიდის ეს თანხა? ჩემი მიდგომა ასეთია: თუ ღირს, უნდა გადავიხადო, მაგრამ ტელევიზიით არაერთხელ მომისმენია, რომ მიწის რეგისტრაცია უფასოა და მერე ყველგან ბარიერი მხვდება. ეს როგორ გავიგო? მაინტერესებს, მედიის საშუალებით, კონკრეტულად გავიგოთ, რა ღირს საკუთრებაში არსებული ერთი ნაკვეთის გაფორმება? ნუთუ, ასე ძნელია ამის დადგენა? ამ დღეში მარტო ერთი და ორი ადამიანი არ არის. სამთავრობო ხასიათის ბევრი განცხადება წავიკითხე ამ პროცესის თაობაზე, თუმცა, სინამდვილეში სულ სხვა ვითარებაა. ამასთანავე, მაინტერესებს, ვთქვათ, მხოლოდ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების პასპორტის აღება მინდა, რატომ არის სავალდებულო სახლის პასპორტის აღებაც? როცა საჭირო თანხა მექნება, გავაკეთებ მაშინ. ძალიან მაინტერესებს, თუ მიწის რეგისტრაცია უფასოა, რატომ ითხოვენ საკმაო თანხას მესაკუთრეებისგან? მე არ მიმიწვდება ხელი ინტერნეტთან, ვარ “გურია ნიუსის” მკითხველი და დამეხმარეთ, ნამდვილი ინფორმაციის მოპოვებაში. თუ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ჩემსა და ამზომველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისთვის მას უხდის, მინიმუმ, 80 ლარს, მეც რატომ მახდევინებს? ან რატომ მეუბნებიან, რომ უფასოა?” _ ასეთი შინაარსისაა წერილი, რომელიც “გურია ნიუსის” რედაქციაში შემოვიდა.
“გურია ნიუსის” მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ზოგადად, არა ერთხელ ხდება ზოგი ამზომველის მიერ წინასწარ ფულის აღება (“სტავკა” ინდივიდუალურია), უფრო სწორად, გამოძალვა რიგითი მოქალაქეებისგან, რომელთაც სურთ მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, მაგრამ უნარი არ შესწევთ ან ფიზიკური ჯანმრთელობა არ უწყობთ ხელს, თავად იარონ სხვადასხვა პროცედურის მოსაგვარებლად.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, გატარებული ცვლილებების შედეგად, ხალხს ეცნობა, რომ: “ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარა და საქართველოს მთავრობის მიერ, აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი დამტკიცდა. სერტიფიცირება ეხება იმ ამზომველებს, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. სერტიფიცირებულმა ამზომველმა იცის, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს “გადაფარვების” და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკი. კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი ხდება. ამასთან, მიწის რეფორმის ფარგლებში, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასურს ამზომველებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უნაზღაურებს. პირობების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება, ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არა უმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში. ზღვრული ოდენობები კი შემდეგია: ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე _ არა უმეტეს, ჯამში, 80 ლარის ოდენობით, ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე _ არა უმეტეს, ჯამში 100 ლარის ოდენობით.
“გურია ნიუსთან”, აღნიშნული საკითხის ირგვლივ, ოზურგეთის იუსტიციის სახლის მენეჯერი ივანე მენაბდე ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ კანონი არ აიძულებს ამზომველს, რომ აზომვითი ნახაზის შესრულებაში თანხა არ აიღოს. თუმცა, ამზომველები, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ, ამას უფასოდ აკეთებენ და ასეთი ოზურგეთში ბევრია. მე, მაგალითად, როცა გავაკეთე ნახაზი, თანხა არ გადამიხდია. რაც შეეხება სახლს, იმ ნაკვეთის რეგისტრაციაც უფასოა, რომელზეც სახლი დგას. გამონაკლისს წარმოადგენს სახლში არსებული ოთახების ცალ-ცალკე დაკანონება.
_ გამოდის, რომ სახელმწიფო არ ახდევინებს, მაგრამ მაინც ახდევინებს…
_ ვინც პატიოსნად მუშაობს (?), არ ახდევინებს. 1, 5 ჰა-მდე ფართობი მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 80 ლარს, 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე კი _ 100 ლარს. ამ თანხას სახელმწიფო იხდის. ოზურგეთში, დაახლოებით, ათამდე შპს მუშაობს, რომელიც მიწის აზომვას აწარმოებს. ესენი არიან კერძო პირები და ვიმეორებ, ვინც წესიერად მუშაობს, ნაკვეთის აზომვა უფასოდ ხდება. მაგალითად, ვიცი, რომ ოზურგეთში მინდია თავაძის “გეოპროექტი” აწარმოებს უფასოდ ნაკვეთების აზომვას.
ჩვენ შპს “გეოპროექტის” ხელმძღვანელს მინდია თავაძეს დავუკავშირდით.
_ მიწის ნახაზის აზომვა არის სრულიად უფასო _ ერთი იქნება ეს თუ ოცდაათი. გასამრჯელოს იხდის სახელმწიფო. რაც შეეხება შენობის შიდა აზომვით ნახაზს, ამისთვის არსებობს გადასახადი და რამდენი კვადრატული მეტრიცაა სახლის ფართი, იმდენი ლარი უნდა გადაიხადოს მოქალაქემ, _ გვითხრა მან.