ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე ლანჩხუთის “გურიაში” მერაბ ჟორდანიას შესაძლო მოსვლის საკითხი განიხილეს. კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ თქვა, რომ ჟორდანიას კლუბში მოსვლას ადგილზე ხელს უშლიან.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემოვიდა წერილი, რომელსაც ხელს შპს “საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” გენერალური დირექტორი თემურ მიქაძე აწერს. წერილის ავტორი მუნიციპალიტეტს ფეხბურთის ფედერაციასთან საჭირო შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილე ა(ა)იპ “ლანჩხუთის “გურიას” ნაცვლად, მოხდეს ჩანაცვლება და მისი ადგილი დაიკავოს სწორედ ზემოთ ნა შპს-ს სახელის მქონე კლუბმა.
წერილს თან დანართი ახლავს, საიდანაც ვიგებთ, რომ შპს-ს დამფუძნებლები წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანია და ბიზნესმენი ქეთევან ცინცაბაძეა, რომლებიც თანაბარ-თანაბარ წილს ფლობენ.
რამდენიმე თვის წინ, მერაბ ჟორდანიას “გურიათი” დაინტერესებას ლანჩხუთელთა ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა, ნაწილი კი პირიქით, მოითხოვდა ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტას. მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ საკითხს თითქოს მხარს უჭერდა, საკრებულოში დეპუტატთა უმრავლესობამ უნდობლობით შეხედა თემას და უფრო მეტი სიცხადის შემოტანა ისურვა. ეს იყო და ეს _ ამ თემაზე საკრებულოში მეტი აღარც უმსჯელიათ.
ამ ფონზე ბევრმა სწორედ საკრებულო დაადანაშაულა საკითხის დაბლოკვაში. თუმცა, რეალურად გამგეობის და პირადად გამგებლის პრეროგატივა იყო ამ საკითხის მომზადება.
მოკლედ, თემურ მიქაძის წერილის შემდეგ, სპონსორის თემამ ისევ აქტუალობა შეიძინა და როგორც ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, რომან ბიწაძე ამბობს, გასულ სამშაბათს, საკრებულოს წევრებთან შესახვედრად თავად წერილის ავტორი ყოფილა ჩამოსული:
“დიახ, ოთხ ივნისს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბესო ტაბიძის კაბინეტში მოხდა ჩვენი შეხვედრა, რომელსაც კიდევ რამდენიმე დეპუტატი და თავად საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. სტუმრის თქმით, უკვე 6-7 თვეა, ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და აქამდე კლუბის ვალის დაფარვაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში წამოიჭრა ეს თემა, რომელმაც საქმე ჩიხში შეიყვანაო. რატომაა ვალდებული ჟორდანია, კლუბის ძველი ვალები (ეს დავალიანება დაახლოებით 700 ათას ლარს შეადგენს და საკმაოდ დიდ თავსატეხსაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის) იხადოს, რომელიც მუნიციპალიტეტის გადასახდელია?! ეს ხელშეკრულების პროექტში, რომლის შექმნაში თავად მივიღე მონაწილეობა, მკაფიოდ ჩანს”, _ ამბობს რომან ბიწაძე.
ბიწაძის თქმით, ზემოთ ნახსენებ შეხვედრაზე თემურ მიქაძემ აღნიშნა, რომ ჟორდანიასა და მის კომპანიას “გურიაში” მოსვლის საკითხი გარკვეული აქვს, როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, ისე ხელისუფლების ზემდგომ ეშელონებშიც. ერთადერთი, ვისგანაც მათ, ამ ეტაპზე, მხარდაჭერა არ აქვთ, ეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაა.
“მიქაძესთან საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა, თუმცა, ზოგიერთებისგან იყო საკმაოდ არაკორექტული კითხვები. სტუმარმა პირდაპირ თქვა, რომ “გურიაში” მერაბ ჟორდანიას მოსვლის საკითხი ფეხბურთის ფედერაციასა და ხელისუფლების ზედა ეშელონებშიც გარკვეულია და მათი მხრიდან, ამ მხრივ, არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს, ერთადერთი ლანჩხუთის ხელმძღვანელობისგან არ აქვთ კონკრეტული პასუხი მიღებული”, _ განმარტა რომან ბიწაძემ.
ბიწაძისვე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ კლუბის მესვეურების ნაწილი ახლა იმნაიშვილის (რომელიც გასულ წელს რამდენიმე თვით იყო “გურიაში”) მოსვლაზე ალაპარაკდნენ”:
“გურიას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩემი თანდასწრებით დაურეკა ამ იმნაიშვილს და კლუბში დაბრუნება შესთავაზა”, _ ამბობს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
შესაძლო სპონსორად იმნაიშვილის დაბრუნების ვარიანტმა ოთხი თვის წინ, საკრებულოში საფეხბურთო კლუბ “გურიას” სპონსორობის მსურველებთან გამართულ შეხვედრაზეც გაიჟღერა, რამაც მაშინ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე საკმაოდ გააღიზიანა:
“ვინაა იმნაიშვილი?! რომ იყო, ის?! ერთი პირობა არ შეუსრულებია, რაც მოგვცა. სამი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრს ვთხოვდი, მოეძებნა და მოეყვანა ეს კაცი ჩვენამდე. სულ არ ვიცი, ვინ იყო, გუბერნიიდან მოიყვანეს თავის დროზე. მასთან ერთად კიდევ სომხეთის მოქალაქე იყო. კარგი ბატონო, თუ გინდათ იყოს იმნაიშვილი, მე წინააღმდეგი არ ვიქნები”, _ თქვა მაშინ შეხვედრაზე გამგებელმა.
რაც შეეხება ჟორდანიას სამომავლო გეგმებს კლუბთან დაკავშირებით, როგორც რომან ბიწაძე ამბობს, მიქაძესთან გულახდილი საუბრისას, ამ კუთხით გარკვეული ხედვები ნათელია. მისი თქმით, აქ მთავარი პრობლემა იმ ქონების განკარგვაა, რომელიც კლუბს გააჩნია. ირკვევა ის, რომ შპს მზადაა, როგორც ბაზა, ასევე, სტადიონი იქირაოს, რა თქმა უნდა, შესაფერის პირობებში; ასევე, გრძელვადიანი იჯარით აიღოს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა განაახლოს და განავითაროს.
ეთიკის კომისიის სხდომაზე ერთხმად ითქვა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს დასაკარგი არაფერი აქვს, უკეთესს ვინმე რომ სთავაზობდეს, სხვა საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში შეთანხმება რთული საქმე არ უნდა იყოს.
რაც შეეხება კლუბის ვალს, ეს ვალი ისედაც ბიუჯეტის კისერზეა და ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ტვირთი ვინმემ მოგვაცილოს.
ასეა თუ ისე, კომისია ერთსულოვანი იყო, რომ წერილის ავტორებს პასუხი დროულად უნდა ეცნობოს და თუ არგუმენტირებული არ იქნება ეს პასუხი, შუალედური მაინც იყოსო.
კომისიის წევრებმა საკუთარი შეხედულებები საკითხთან მიმართებაში რამდენიმე მუხლად ჩამოაყალიბეს და დასკვნაში ასახეს, რომლის მთავარი ადრესატიც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ზაზა ურუშაძეა:
“1. წერილის შინაარსი თანხვედრაშია საქართველოს მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის განვითარების პროგრამასთან;
2. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შპს საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” ექნება გაცილებით მეტი შანსი წარმატებულად გააგრძელოს ასპარეზობა;
3. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია ა(ა) იპ “საფეხბურთო კლუბ გურიას” დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ეტაპობრივად დაფარვის გათვალისწინებით, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის რყევებს;
4. ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ზ. ურუშაძეს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოხატოს საკუთარი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით;
5. მოვუწოდებთ საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განიხილონ იგი საკუთარ სხდომებზე შემდგომი გაურკვევლობების პრევენციის მიზნით”, _ წერია ეთიკის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
კომისიის სხდომაზე, ზემოთ ნახსენებ საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილიც იყო მოწვეული. როგორც გაირკვა, ამ სამსახურს მიქაძის წერილი შესასწავლად გამგებლისგან არ მიუღია და მისთვის ამის შესახებ ცნობილი ეთიკის კომისიიდან გახდა.
ფირცხალაიშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ გამგებელმა ზემოთ ნახსენები წერილი შესასწავლად იურიდიულ სამსახურის გადაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა საკუთარი შეხედულების დაფიქსირება საკითხთან მიმართებაში. აზრის დაფიქსირება, ფირცხალაიშვილისვე თქმით, “გურიას” მესვეურებს წერილობით მანაც სთხოვა და სწორედ ამის შემდეგ ჩამოაყალიბებს გამგეობის სამსახური საკუთარ პოზიციას საკითხთან მიმართებაში. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით, დუმს.