ქალაქ ოზურგეთში, მოსახლეობის ნაწილის ყურადღება მიიპყრო, ე.წ. “ბჟუჟის“ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სამმა ნაძვის ხემ. რამდენიმე დღეა, რაც აქ მცხოვრებლებმა ნაძვის ხეები ძირში ჩაჩეხილი შეამჩნიეს. ზოგი ამბობს, რომ მოსაჭრელად ამზადებენ ხეებს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა იწყება და ნაძვები პროცესს ხელს შეუშლის.
მოსახლეობის თქმით, ეს ნაძვები ქარსაფარ ზოლს წარმოადგენს და მისი მოჭრა საფრთხეს შეუქმნის მათ. ასევე, აინტერესებთ, ვინ აწარმოებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობას.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრისაა და ქალაქ ოზურგეთის მერიას არანაირი შეხება არ აქვს კონკრეტულ ფაქტთან.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კახა კვაჭაძე ფლობს. ის ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ნაძვებს მოჭრის საფრთხე არ ემუქრება:
“რა შუაშია მოჭრა, ვინ თქვა, საიდან მოიტანეს, პირიქით, ვრგავ ახალ ხეებს, ტრაქტორს მოვაწმენდინე, ნარჩენებისგან გავასუფთავე, ტრაქტორის კოვში რომ არ მოხვედრილიყო ნაძვებს ძირთან, პირიქით, თავზე ვედექი. ოთხი კაცის არის, ჩემია 600 კვადრატული. რას ვაშენებთ, ეს გადაწყვეტილი არ არის, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. მე თვითონ არ ვიცი, უბრალოდ, ვისარგებლე “კამაცუს“ ტრაქტორით, მერე არ იქნებოდა. იქ მოსახლეობამ მითხრა, საჩივარი თუ არ გინდა დაგიწეროთ, მოაწესრიგეთო და ამიტომ გავაკეთე. ნარჩენებით, ნაგვით და ბლოკებით იყო სავსე აღნიშნული ტერიტორია“, _ ამბობს დეპუტატი.