განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საგნის „მე და საზოგადოება“ შინაარსი ყველა მხარესთან შეთანხმებულია. ეს კომენტარი განათლების მინისტრმა ახალი საგნის მოწინააღმდეგეების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც საგნის შემოღებას აპროტესტებენ. ჯეჯელავა აქციის მონაწილეების განცხადებას იმის თაობაზე, რომ სკოლებში “გენდერის სწავლება” იგეგმება, უარყოფს და ამბობს, რომ ისინი “შეცდომაში არიან შეყვანილნი, რადგან ასეთი საგანი არ არსებობს”.
“აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც არის შექმნილი სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და გეგმა შეთანხმებულია, პრაქტიკულად, ყველა მხარესთან. მათ შორის, ამ პროცესში ჩართულები იყვნენ სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ა.შ. ის მასალები, რასაც აქციაზე ავრცელებდნენ, არის ჩვენთვის უცნობი წიგნიდან, რომელიც ნამდვილად მიუღებელია იმ ფორმით, რა ფორმითაც ვრცელდებოდა. შესაბამისად, ვამბობთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რაც იქნება მიუღებელი, არაფერი უნდა მოხვდეს სასწავლო პროგრამაში. საგნის სწავლება დაიწყება, თუმცა წინასწარ ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, რომ არაფერი ისეთი არ იყოს ამ საგანში და სახელმძღვანელოებში, რაც იქნება მიუღებელი მოსწავლეების ოჯახებისთვის/მშობლებისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საგნის “მე და საზოგადოება” სწავლება სკოლებში 2017 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა უცნობია შევა თუ არა საგანი ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში. საზოგადოება საგნის სწავლებას სხვადასხვა მიზეზით აპროტესტებს, მათ შორის საპატრიარქომაც გაავრცელა რამდენჯერმე განცხადება. საგნის სასწავლო წიგნის პირვანდელი ვერსიიდან, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, წიგნიდან ამოიღეს ისეთი სიტყვები, როგორებიცაა “გენდერი”, “უმცირესობა”, ასევე, რელიგიის შესახებ თავიც.