დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესების მთლიანად დახურვა არ ემსახურება სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებულ სასამართლო სხდომების დახურვის ლეგიტიმურ მიზანს _ აღნიშნულია სასამართლოსადმი მიმართვაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ იცავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს და ახორციელებს სასამართლო პროცესის მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების მთლიანი დახურვა, არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ბრალდების პირველივე მოწმემ მხოლოდ საკუთარ ვარაუდებსა და ეჭვებზე დაფუძნებული ჩვენება მისცა სასამართლოს. ამასთან მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის მიმართ გაჟღერებულ იქნა ბრალდება, რომლითაც საგამოძიებო ორგანოები თავად უნდა დაინტერესებულიყვნენ, რა სახის ინფორმაციას ფლობს და რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს საკუთარ ბრალდებას მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა. ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უსაფრთხოების აგენტია და მისი ფსევდონიმია,,პრესა’’.
“მიუხედავად პროკურატურის წინააღმდეგობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების სამართლიანი მოთხოვნა და მოწმედ დაიკითხება მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავა.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ ირაკლი ფირცხალავა, როგორც მსჯავრდებული, ვერ იქნებოდა სასამართლოსთვის სანდო მოწმე. სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა.
ბრალდების მხარე მიზანმიმართულად ცდილობს, მოწმეთა მხრიდან არ გაჟღერდეს ბრალდებისთვის არასასურველი ინფორმაცია. არაერთხელ იყო მცდელობა მოწმეთაგან განერიდებინათ დაცვის მხარის შეკითხვები, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდებოდა მოწმის მიერ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას ან უარყოფას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი უწყების წარმომადგენელმა მოწმეებმა, რაც ეხებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს, დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე აშკარად ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გასცეს. ამასთან საქმეზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რატომ არ მოხდა დეკანოზის ბარგის ჩხრეკა საერთაშორისო აეროპორტშივე. ასევე დაკითხულ იქნენ გამომძიებლები, რომლებმაც ასევე ვერ ახსნეს თუ რატომ არ ჩატარდა დეკანოზის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იარაღზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ან რატომ არ იქნა აღებული დნმ-ის კვალი, თუნდაც იმ ვერსიის გადასამოწმებლად, როდესაც გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ იარაღი შესანახად მას მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადასცა. დღეის მდგომარეობით დაკითხულია საპატრიარქოს დაცვის სამსახურის რამოდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ ხშირად ეხმარებოდა მამა გიორგი მამალაძე, ასევე დაადასტურეს, რომ მათ გერმანიაში საკუთარი ხარჯით უხდებოდათ კვება. ბრალდების მიერ მოყვანილმა მოწმეებმა ჯვარედინი დაკითხვისას ასევე დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელფასი მისი ,, წმ.იოაკიმესა და ანას’’ სახელობის კლინიკის დირექტორად დანიშვნისთანავე რამოდენიმეჯერ შემცირდა, ვინაიდან კლინიკა სავალალო ფინანსურ და მატერიალურ მდგომარეობაში იყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია სასამართლო პროცესების დახურვა თავისთავად არ ემსახურება მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის გაზრდას. იმ პირობებში, როდესაც სასამარლო სხდომების დახურვას წინ უძღვოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხმაურიანი დაკავება და გაურკვეველი ბრალის წარდგენა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და შემდეგ ბრალის დამძიმება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეუძლია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლო სხდომა მხოლოდ ნაწილობრივად დახუროს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს, რომ რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიხსნას. სასამართლოს აქვს პროცესუალური შესაძლებლობა კონკრეტული მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაც შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მესამე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, ნაწილობრივად დახუროს სხდომა და დაიცვას მათი ინტერესები. სწორედ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას, _ ნათქვამია ცენტრის მიმართვაში.