ქართულ კინოში იყვნენ ადამიანები, ვინც მის ჩამოყალიბების და განვითარების საქმეში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ენთუზიასტებისა და პროფესიონალების გარეშე ჩვენი კინო იმ სახით, როგორც ჩვენამდე მოვიდა, არ იქნებოდა. ამიტომაც ძალზე დასანანია, როცა ფართო აუდიტორიამ და ხანდახან თვით კინოს მესვეურებმაც კი არაფერი იციან მათ შესახებ, თუმცა საიდან უნდა იცოდნენ?! ბევრ ჩვენს კინომცოდნესა თუ კინოისტორიკოსს (ისინი კი დაჩაჩანაკებული ქართული კინოს ფონზე ისე მომრავლდნენ, ქვა რომ ააგდო, აუცილებლად რომელიმე მათგანს მოხვდება), ამოჩემებული ჰყავთ რამდენიმე უცხოელი და ქართველი კინომოღვაწე და არღანივით ატრიალებენ მათ სახელებს.
მათ შესახებ იქმნება წიგნები, კეთდება დოკუმენტური ფილმები, ყველაზე მოდურ და ფეშენებლურ ადგილზე იდგმება ძეგლებიც კი. კინომცოდნეებს სხვა ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი სახელების გაგონებაც არ სურთ და მათზე წერაც დროის დაკარგვად მიჩნიათ. ბუნებრივია, ცნობილი მოღვაწეებისა და მათი ხელოვნების მიმართ არავის არაფერი საწინააღმდეგო არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რა დააშავა იმ ადამიანთა მთელმა კოჰორტამ, რომელთაც ქართული კინოს ტრადიციებს ჩაუყარეს საფუძველი, მაგრამ მათი სახელები ჩრდილშია მოქცეული, არ არსებობს არც მათი სახელობის ქუჩა, სკვერი ან თუნდაც ბიუსტი (ძეგლს ვინღა ჩივის)?
ამ კოჰორტის ერთ-ერთი დავიწყებული წარმომადგენელია არკადი (კაკო) ხინთიბიძე; დღევანდელ და თუნდაც ჩემი თაობის ადამიანებს ეს სახელი ბევრ არაფერს ეუბნება, მაგრამ მის მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმები _ “წუნა და წრუწუნა”, “ჩხიკვთა ქორწილი” და “მტრობა” მაყურებელთა უდიდესი ნაწილის საყვარელი ნაწარმოებებია.
არკადი ხინთიბიძე იყო ქართული მუნჯი და ხმოვანი კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სახასიათო მსახიობი. მის მიერ განსახიერებული კოლორიტული და ბობოქარი ტემპერამენტით დაჯილდოებული გმირები _ ყარამანი (“ვინ არის დამნაშავე?”), ივანე აზნაური (“ჯანყი გურიაში”), ტიტიკო (“დარიკო”), ენაბლე ტუსაღი (“უკანასკნელი მასკარადი”), მიქელა (“დაკარგული სამოთხე”) და მრავალი სხვა სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი საგანძურია (თუმცა, როდის გასულა ჩვენ ტელევიზიებით დახუნძლულ ტელესივრცეში რომელიმე ეს ფილმი უკანასკნელად ,ალბათ მეტნაკლებად “დარიკოს” გარდა, მე არ მახსოვს).
50 წელზე მეტი გავიდა არკადი ხინთიბიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. მან სამსახიობო კარიერა გურიის ერთი სოფლის სცენაზე დაიწყო. იქამდე კი დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1918 წელს საომრად წავიდა. თავად იუმორით აღწერდა ამ ამბავს: “ქუთაისში… იმ დროს მოწაფეობას მოქარგული ენით ჯარში იწვევდნენ. ასეთ მიტინგზე მეც მოვხვდი… მე და ჩემსავით გულუბრყვილო ათიოდე მოწაფე გამოვცხადდით მეორე დღეს რკინიგზის სადგურზე… ჩვენ ჩაგვთვალეს მოხალისეებად და გაგვგზავნეს ბათუმში. მე მოვხვდი ტყვიამფრქვეველთა ასეულში. ერთი თვის მომზადების შემდეგ, წაგვიყვანეს ფრონტზე და 15 დღის ბრძოლის შემდეგ ჩავაბარეთ ბათუმი და გამოვიქეცი იქიდან უკანასკნელი მატარებლით. დიდი ბრძოლა არ გადამიტანია, მაგრამ შიში კი იმდენი ვჭამე, რომ მოქმედი ჯარი მივატოვე და მივაშურე მეორე მესაზღვრე ბატალიონის შტაბს, სადაც უბრალო მწერლად მოვეწყვე.”
ჯარის შემდეგ ის მასწავლებლად გაამწესეს სოფელ ნაგომარში, სადაც ორი წელი იმუშავა, მაგრამ, მისივე თქმით, ის “ვერაფერი მასწავლებელი” იყო და ხინთიბიძე თეატრს დაუბრუნდა. 1923 წელს დღევანდელი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობაში განლაგებულ “წითელ თეატრის” დასში ჩაირიცხა. ახალგაზრდა მსახიობი რუსეთიდან ახლად ჩამოსულმა და სტანისლავსკის სისტემის მიმდევარმა ალექსანდრე წუწუნავამ შეამჩნია და მის მიერ დადგმულ სპექტაკლებში _ “ვინ არის დამნაშავე?” და “ჯანყი გურიაში”, ათამაშა. ამ როლებით მან “გურულ აზნაურთა უნიჭიერესი შემსრულებლის” სახელი დაიმკვიდრა, ხოლო სპექტაკლები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ რეჟისორმა მათი ეკრანიზაცია გადაწყვიტა.
ფილმში “ვინ არის დამნაშავე” (სხვა სახელია “უაილდ ვესტის მხედარი” და მოგვითხრობს გურული მხედრების თავგადასავალზე ამერიკაში) წუწუნავამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი _ ყარამანის როლი არკადი ხინთიბიძეს მისცა. ამან, მსახიობის თქმით, “დიდი მითქმა-მოთქმა” გამოიწვია, რადგან სცენაზე ამ როლს მშვენივრად ასრულებდა, თურმე, სანდრო ჟორჟოლიანი და ის ითვლებოდა ფავორიტად. მაგრამ რეჟისორმა საკუთარი არჩევანი ახალგაზრდა ხინთიბიძეზე შეაჩერა და არც წააგო. “სიხარულისაგან 15 დღე მაინც არ მიძინიაო”, იხსენებდა მსახიობი.
ამ ფილმში ხინთიბიძე, ისევე როგორც ყველგან, ძალიან ბუნებრივია, ის თითქოს არც კი თამაშობს, არამედ ცხოვრობს და კამერასაც, როგორც იტყვიან, ის უყვარდა. მას გააჩნდა ღმერთისაგან ბოძებული აქტიორული ნიჭი, რომელსაც ვერსად და ვერანაირი სახსრებით ვერ შეიძენ.
წუწუნავასთან თანამშრომლობამ ბევრი რამ მისცა ხინთიბიძეს და კარი გაუხსნა დიდ კინემატოგრაფში (ის თეატრალურ სცენაზე აღარ დაბრუნებულა). მსახიობი დიდი მოწიწებით იხსენებდა საკუთარ მასწავლებელს: “ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ ისეთი კმაყოფილება, როგორიც ალექსანდრე წუწუნავასთან მიმიღია, კინოში არც ერთთან არ მიგრძვნია. უნდა ითქვას, რომ მისი კინოზე ჩამოცილება დიდი შეცდომა იყო. ნამდვილი ქართული ფილმების დამდგმელი იყო და თან და თან უკეთესი ხელოვანი გახდებოდა ის კინემატოგრაფიაში, რომ დასცლოდა” (სტილი დაცულია).
კინოსტუდიაში მოღვაწეობის პარალელურად არკადი ხინთიბიძემ 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
იგი ცნობილ და მოთხოვნად მსახიობად იქცა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა ყველასთვის. 1934 წელს ხინთიბიძის მეგობრის სიკო ფალავანდიშვილის ფილმის “ჟუჟუნას მზითევის” გადაღებისას თბილისში ჩამოვიდა სერგეი ეიზენშტეინი და კონსულტაციას უწევდა რეჟისორს. “ეიზენშტეინმა მე დამბრაკა, _ იხსენებდა ხინთიბიძე, _ და ურჩია სხვა მსახიობის, “ტიპაჟის” აყვანა”, მაგრამ საბოლოოდ რეჟისორმა თავისი გაიტანა და ხინთიბიძის მიერ განსახიერებული მუნჯი კოლმეურნეს სახე გამორჩეულია მის კარიერაში. თუმცა, საუკეთესო როლი ჯერ კიდევ წინ იყო _ ეს არის აზნაური მიქელა კალმახიძე დავით რონდელის ფილმში “დაკარგული სამოთხე”. ვისაც ახსოვს ეს სურათი, ვერასოდეს დაივიწყებს ქეიფიდან წამოსული აზნაურების სიმღერას_ “ზესტაფონო გშორდები”, როცა ხინთიბიძის გმირი გზა და გზა ტოვებს ნათხოვარ ტანსაცმელს და შემდეგ როგორი მეფური, ამაყი მიხვრა-მოხვრით შედის საკუთარ ეზოში.
1941 წელს მსახიობმა თავისი ბოლო როლი შეასრულა სიკო დოლიძის ფილმში _ “მეგობრობა”, რის შემდეგ ის რეჟისურაზე გადაერთო. მუშაობდა როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებზე, მათ შორის “დავით გურამიშვილი” (მეორე რეჟისორად), “საბჭოთა საქართველო”, “ჩრდილი გზაზე”.
მულტიპლიკაციაში არკადი ხინთიბიძე 50 წელს გადაცილებული მივიდა, მას არც სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და არც სპეციალური განათლება მიღებული, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, შეექმნა ქართულ ტრადიციებსა და ფესვებზე დაფუძნებული მსოფლიო შედევრების დონის ფილმები. მან გაამდიდრა ქართული მულტიპლიკაცია ახალი გმირებით, გამომსახველობითი ხერხებით, პლასტიკით, განუმეორებელი ხიბლით, ისე, რომ მის ფილმებს სხვებისაგან აუცილებლად გამოარჩევთ. რაც მთავარია, რეჟისორმა მულტიპლიკაცია გადააქცია საინტერესო სანახაობად ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.
კინოსტუდიაში არკადი ხინთიბიძე დიდი პოპულარულობითა და სიყვარულით სარგებლობდა (განსაკუთრებით ქალბატონებში, რომლებიც მასში შეყვარებულნი იყვნენ). ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული, შინაგანი არისტოკრატულობა გამოარჩევდა ღარიბი გურული გლეხის ოჯახში დაბადებულ კაცს. ამისთვის მას მეტსახელი _ “ჰერცოგი” შეარქვეს. საკუთარ დაბადების დღეებს, თურმე, კინოსტუდიაში იხდიდა ხოლმე და ლამის მთელი კოლექტივი იქ იკრიბებოდა. იგი ცდილობდა ყველას დახმარებოდა, განსაკუთრებით კი დამწყებ მულტიპლიკატორებს. ცნობილი ანიმატორი ბონდო შოშიტაიშვილი იხსენებდა, რომ როცა ის სხვა მის კოლეგებთან ერთად, მოსკოვიდან ჩამოვიდა, რეჟისორები მათ გაურბოდნენ და სამუშაოდ არ იწვევდნენ, რადგან მათი აზრით, გამოუცდელ ახალგაზრდებს შეეძლოთ ზიანი მიეყენებინა მომავალი ფილმისათვის. პირველი ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებს დახმარების ხელი გაუწოდა და სამუშაოზე აიყვანა, არკადი ხინთიბიძე იყო.
1963 წლის აგვისტოში მისი თვითმკვლელობის ამბავმა თავზარი დასცა ყველას _ დღემდე უცნობია, რატომ დაასრულა ასე სიცოცხლე ამ ნიჭიერმა, თვითმყოფადმა და ფართო დიაპაზონის მქონე ხელოვანმა, რომელსაც, ალბათ, კიდევ მრავალი შედევრის შექმნა შეეძლო.
რაც შეეხება ჩვენი მედიის მესვეურთ, ხშირად გამიგია მათგან ფრაზა, რომ ესა თუ ის თემა საზოგადოების დაკვეთა არ არისო. რანაირად უნდა მოდიოდეს დაკვეთა, თუ ეს საზოგადოება ინფორმირებული არ იქნება ამა თუ იმ თემის შესახებ, თუ არ მოიძიებ და მიაწოდებ ინფორმაციას?! ეს კი, მგონია, ვისაც ამდაგვარი საქმეების კეთება ევალება, მათი გაუნათლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის ბრალია.
ირაკლი მახარაძე