ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ ოზურგეთში მცხოვრებ, 36 წლის რუსლან გოგოლაძეს, რომელიც ხერხემლის მალის დაზიანების გამო საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობის სარებილიტაციო კურსი 12 ათასი ლარით დაუფინანსა.
შეგახსენებთ, რომ რუსლან გოგოლაძის შესახებ „გურია ნიუსმა სტატია 2017 წლის 7 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „რუსლან გოგოლაძის ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რამდენჯერმეა შესწავლილი. გოგოლაძე პერიოდულად იყო საარსებო შემწეობის მიმღები, პერიოდულად კი მაღალ სარეიტინგო ქულას იღებდა. მისი ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღები იყო 2007- 2008 წლებში და ასევე, 2014 წელს. 2015 წლის ივნისიდან ოჯახს ისევ მაღალი სარეიტინგო ქულა უფიქსირდება. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირს. რუსლან გოგოლაძეს ვეტერანთა დეპარტამენტმა 12 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო კურსი დაუფინანსა, შარშან სოციალური მომსახურების სააგენტომ მას ასევე გადასცა შშმპ-თა ეტლი. ასევე მას, როგორც ვეტერანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით ყველა მომსახურება უფინანსდება 100%-ით”.
ეს ინფორმაცია „გურია ნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიაწოდეს, თუმცა ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ 2017 წელს რუსლან გოგოლაძეს მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს, შესაბამისად, დაფინანსებაც არ გაუციათ.
„2017 წელს რუსლან გოგოლაძის მხრიდან დახმარების თხოვნით არანაირი განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად, არც კომისიას უმსჯელია და არც დაფინანსება გაგვიცია“, _ აცხადებენ ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.
ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსლან გოგოლაძეს ვეტერანის სტატუსი მიენიჭა 2015 წელს. მან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიმართა 2015 და 2016 წლებში ოპერაციული მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით. 2015 წელს რუსლან გოგოლაძეს გაეწია დახმარება ათასი ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წელს ორი ათასი ლარით, მოთხოვნების შესაბამისად. ვეტერანი სამსახურის რეგიონული წარმომადგენლის გელა ბაქანიძის მიერ სათანადო კვლევებისა და პროცედურებისათვის გადმოყვანილი იყო თბილისში.
გარდა ამისა, უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე 2017 წლის განმავლობაში უწყებას მომართა 2651 ბენეფიციარმა დაფინანსების მოთხოვნით; შუამდგომლობა გაეწია 1225 ბენეფიციარს როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან; 1349 ბენეფიციარის დაფინანსების საკითხი გადაწყდა კომისიის მოკვლევის შემდეგ; 28 განცხადება განხილვის პროცესშია, ხოლო 49 შეჩერებულია დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო.
“გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს კვლავ დაუკავშირდა. სადაც აცხადებენ, რომ „რუსლან გოგოლაძისათვის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს წარმომადგენლებს არაოფიციალური წყაროებიდან გვქონდა“.
ცნობისთვის, რუსლან გოგოლაძე ომის ვეტერანია. მისივე ინფორმაციით, 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა.
ამავე თემაზე:
რატომ შეუწყდა სოციალური დახმარება საწოლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა ომის ვეტერანს