ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანების ხშირი გადაადგილების გამო ასფალტის საფარი დაზიანდა, მოსახლეობამ ძველი საბურავებითა და ხის ჭოკებით გზის დაზიანებულ მონაკვეთში ბარიერები გააკეთა.
„საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა საიმისოდ, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე აღარ ემოძრავათ ჩინური კომპანიის კუთვნილ მძიმეწონიან მანქანებს, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში, შეუსვენებლივ გადადგილდებოდნენ. არაერთხელ მოვაწყვეთ გზის პიკეტირება, სადაც ადგილობრივი ხელმძღვანელობაც იყო მოსული. ვითხოვდით, რომ ამ მზიმეწონიანი მანქანებისთვის ალტერნატიული გზა გამოეძებნათ და ამ ქუჩით აღარ ემოძრავათ. რამდენიმე აქციის გამართვის შემდეგ, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდაცავები იყვნენ მოსულები, როგორც იქნა, გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა. თუმცა, გამონაკლისის სახით, ითხოვეს, რომ სპეციალური საშვის მქონე მანქანებისთვის მიგვეცა საშუალება, ესარგებლათ აღმაშენებლის ქუჩით. ადრინდელთან შედარებით, მართალია, საგრძნობლად შემცირებულია მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა ჩვენს ქუჩაზე, თუმცა, ასფალტის საფარი ისეა დაზიანებული, რომ დიდია ალბათობა, ერთ დღეს მწყობრიდან გამოვიდეს საკანალიზაციო მილები. ადვილი წარმოსადეგია, ზაფხულის ამ ცხელ დღეებში კანალიზაციის სისტემა რომ დაზიანდეს, რა დღეში ჩავცვივდებით. ამიტომ, გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი ძალიან დაზიანებულია, გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით სპეციალური ბარიერები მოგვეწყო“, _ ამბობენ აღმაშენებლის ქუჩის მობინადრეები.
მოსახლეობის თქმით, მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე ჰპირდებოდნენა, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე გზის დაზიანებულ მონაკვეთს ჩინური კომპანია შეაკეთებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა და ამიტომაც უარესი შედეგის თავიდან ასაცილებლად, გამოსავალი ამ გზით მოიძებნა.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარი ხელახლა უნდა დაიგოს.
„ჩვენ გზების დეპარტამენტისგან მივიღეთ წერილობითი შეტყობინება, რომ აღმაშენებლის ქუჩასა და „გურიას“ სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, სადაც გზის საფარი ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების გამო დაზიანდა, ხელახლა მოხდება ასფალტირება. ამ ეტაპზე არ შემიძლია კონკრეტული დროის დასახელება, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, თუმცა, ძალიან მალე იქნება“, _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.