თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, ტაქსებს რეგულაციები დაუწესდებათ. გენგეგმაში გაწერილი ახალი რეგულაცია ე.წ. მოსეირნე ტაქსების რაოდენობის “გამოძახების” სერვისით ჩანაცვლებას გულისხმობს.
ტაქსების გამოძახება ცხელი ხაზით, მობილური აპლიკაციით და სხვა მეთოდებით უნდა მოხდეს. გენგეგმის ავტორების თქმით, ეს თბილისის გზებზე მუდმივად ცირკულირებად ტაქსთა რაოდენობას შეამცირებს.
“ოფიციალური და არაოფიციალური ტაქსის მძღოლები ეჯიბრებიან ერთმანეთს მგზავრთა მოპოვებისათვის თბილისის გზებზე, მოულოდნელად ჩერდებიან ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად და დამატებით დატვირთვას ქმნიან ქსელზე უმგზავროდ მოძრაობისასაც, რითაც ხელს უწყობენ საცობების წარმოქმნას” – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის განხილვაც საკრებულომ დღეს დაიწყო.
გენგეგმის თანახმად, თბილისში, მდინარე მტკვარზე შესაძლოა წყლის ტრანსპორტმა იმოძრაოს. ასევე ცნობილია, რომ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავტომანქანების მოძრაობა შეიძლება აიკრძალოს, გარდა მუნიციპალური ტრანსპორტისა.