ქალაქ ოზურგეთში, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“ პროექტ ,,მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ “გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გარკვეული სიახლეების გაცნობა მოხდა.
“კერძოდ, გაჩნდა შანსი, რომ ბავშვებს საქართველოდან უფლების დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ მიმართოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს. ბავშვებს შეუძლია მოითხოვონ მათი უფლებების აღდგენა და მოხდეს მათი საქმეების განხილვა გაეროში. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ეფექტური და ძლიერი მექანიზმი ბავშვთა უფლებების სფეროში.“- გვითხრა აბაშიძემ
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა მოხდა თუ არა ამ დრომდე გაეროში რაიმე საკითხის გაგზავნა საქართველოდან. რაზეც ანა აბაშიძემ გვიპასუხა:
“ ეს არის ახალი მექანიზმი, რომელიც გაერომ შექმნა და ჯერჯერობით არავის მიუმართავს. ეს ახალი წამოწყება არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმ მიზნით, საბოლოო ჯამში საქართველოში დაცვის საშუალებები უფრო ეფექტური გახდეს. თვით მიზანი არასდროზე არ არის მივმართოთ საერთაშორისო ინსტაციებს იმისთვის, რომ დავადგინოთ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული უფლებები ირღვევა, არამედ პირიქით, იმიტომ უნდა მიმართონ ბავშვებმა, საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლოს ძლიერი მექანიზმის ჩამოყალიბება“, _ თქვა ანა აბაშიძემ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თანამშრომლობით 2016 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ.