სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფგან მუხტარლის საქმის “გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს”.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ვინაიდან აფგან მუხტარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არ დარჩეს”, _ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებას შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენისას კი აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსები გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან დათხოვნილები არიან.