დღეს, „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მასწავლებელი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა სამსახურის დაკარგვის შიშით არ ისურვა. მისი თქმით, საბავშვო ბაღის პედაგოგებს ამ დრომდე არ მიუღიათ ზაფხულის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც, წესით, შვებულებაში გასვლიდან არაუგვიანეს სამ დღეში უნდა მიეღოთ.
„როგორც ვიცი, კანონით, ზაფხულის ხელფასი შვებულებაში გასვლის დღეს ან არაუგვიანეს სამი დღისა უნდა მიგვეღო, თუმცა, ამ დრომდე არ ჩაგვრიცხვია კუთვნილი ანაზღაურება. ისედაც კაპიკებზე ვმუშაობთ და იმასაც რომ დროულად არ მოგცემენ, ესაა საქმე?!
თავიდან დაგვპირდნენ, რომ ზაფხულის ხელფასს 10 ივლისს მივიღებდით, თუმცა, როცა დაგვიანდა ხელფასის ჩარიცხვა, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას შევეხმიანეთ. გვითხრეს, რომ გამგეობის საფინანსო სამსახურისთვის ხელფასის მოთხოვნა გადაგზავნილი აქვთ, მაგრამ ბიუჯეტში თანხის არქონის გამო გვიანდებაო. წლის ბიუჯეტი ხომ ამ თანხის გათვალისწინებით შედგა, საინტერესოა, სად წავიდა მერე ეს თანხა, რომ აღარ აქვთ?!“, _კითხვას სვამს საბავშვო ბაღის პედაგოგი.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხზე კომენტარისთვის ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელს, დავით წულაძეს დაუკავშირდა. წულაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ზაფხულის საშვებულებო ანაზღაურების გაცემა ბაღის პედაგოგებისთვის მართლაც დაგვიანდა.
„მართლაც ჰქონდა ადგილი საშვებულებო თანხის დაგვიანებას პედაგოგებისთვის, თუმცა, დღეს უკვე ჩაერიცხათ კუთვნილი ანაზღაურება“, _ გვითხრა დავით წულაძემ.
გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის ზაფხულის საშვებულებო თანხის გაცემის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ეტაპობრივად ხდება საშვებულებოს გაცემა ბაღების თანამშრომლებზე და ხვალისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი. შემდეგ სხვა ა(ა)იპ-ებიც მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას. თანხის გაცემა მაშინ დავიწყეთ, როცა ბიუჯეტში შემოსავალი გაჩნდა“, _ გვითხრა ლაშხიამ.