ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს პირველი სხდომა გამართა.
კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საბჭო თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესზე ზედამხედველობისა და შედეგების შეფასების მიზნით, რეგულარულად შეიკრიბება.
„თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მიღების შემდეგ, გველოდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესები-მოსამზადებელი სამუშაოები, რათა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა რეალურად აღსრულდეს. ამას ესაჭიროება როგორც შემდგომი ნორმატიული ბაზის განვითარება, ასევე, აღმასრულებლებისა და საზოგადოების მომზადება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და მინიმალური სოციალური დაძაბულობით მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელსაც თამბაქოსგან თავისუფალი საქართველო ჰქვია”, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების” ხელმძღვანელს, ჯოშუა აბრამსს და თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელს, კრისტინა მაიერ სტენდერს სიმბოლური სიგელები გადასცა.
აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონმდებლობა შემდეგ მთავარ საკითხებს არეგულირებს: მოწევის შეზღუდვა, რეკლამის აკრძალვა, ელექტრო სიგარეტების რეგულირება, თამბაქოს შეფუთვის რეგულირება, ვაჭრობის რეგულირება, თამბაქოს ინდუსტრიასთან სახელმწიფოს ურთიერთობის რეგულირება, თამბაქოზე ინფორმაციის წარმოდგენა, ადმინისტრირების გაძლიერება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის 1 მაისიდან მოწევა ყველა დახურულ შენობაში აიკრძალება. მისივე განცხადებით, არსებულ რეგულაციებს თამბაქოს აქსესუარების და მოხმარების მოწყობილობების გაყიდვის აკრძალვა-რეგულირება, ასევე, სკოლებისა და ბაღების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან 50 მეტრის რადიუსში გაყიდვისა და ინტერნეტით და ფოსტით საცალო გაყიდვის აკრძალვა ემატება.
აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი პასუხისმგებლობის ტვირთის ფიზიკური პირიდან იურიდიულ პირზე გადასვლაა. გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებულ თითოეულ შეზღუდვას თავისი აღმასრულებელი ჰყავს.
კანონმდებლობის აღსრულების მოსამზადებელ სამუშაოებზე ხედვა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, 2018 წლის 1 მაისამდე, ძირითადი მიმართულებები ასეთია: ნორმატიული აქტების დამტკიცება, აღმასრულებელი სტრუქტურების მომზადება, კომუნიკაცია მიზნობრივ დაწესებულებებთან, მოსახლეობაში კვლევის ჩატარება, მედია კამპანია და მონიტორინგი.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აღმასრულებელი სტრუქტურების სათანადო მომზადებაა. მომხსენებელმა ისაუბრა მედია კამპანიისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობაზეც.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობა.
„შეიძლება ეს ერთ-ერთი სადემონსტრაციო მაგალითიც იყოს იმისა, თუ როგორც შეიძლება განხორციელდეს საპარლამენტო ზედამხედველობა ისეთი მნიშვნელოვანი კანონმდებლობის აღსრულებისას, როგორიც არის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა. ასე რომ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია სხვადასხვა ასპექტით”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაში საკუთარი ქვეყნის გამოცდილება საბჭოს წევრებს მოლდოველმა ექსპერტმა, გენადი ტურკანუმ გააცნო.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მხარდაჭერა აღუთქვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ და „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების” ხელმძღვანელმა, ჯოშუა აბრამსმა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საბჭო უახლოეს პერიოდში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის გეგმას მოამზადებს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოწვევით, საბჭოს სხდომას „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების” (The Campaign for Tobacco-Free Kids) და ბლუმბერგის (Bloomberg Philanthropies) საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.