რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი აშშ-ში გადაბარგდა და MLS-ის პირველობაზე მოასპარეზე კლუბ „სან- ხოსეში“ ჩაირიცხა. მიმდინარე სეზონში კალიფორნიული კლუბი არასტაბილურად ასპარეზობს. ჩატარებული 20 ტურის შემდეგ „სან-ხოსე“ თავის კონფერენციაში სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.
ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა „სან-ხოსემ“ სტუმრად ნიუ-იორკის „რედ ბულთან“ ჩაატარა და დამარცხდა – 1:5. ქართველი შემტევი მინდორზე მატჩის 46-ე წუთზე გამოვიდა და სტუმართაგან ერთადერთი გოლის გატანა შეძლო.
ქართველი თავდამსხმელი, 25 წლის ავთო ებრალიძე დიდი ალბათობით კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე კლუბ „კორდობაში“ გააგრძელებს. ბოლო სეზონი ებრალიძემ პორტუგალიაში გაატარა და კლუბი „ჟილ ვისენტეს“ ღირსებას იცავდა. ამ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულება უკვე დაუსრულდა. ქართველის სამსახურით „კორდობა“ დაინტერესდა და ებრალიძეს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. სეგუნდა დივიზიონის ბოლო სეზონში ამ ანდალუსიურმა კლუბმა მეათე ადგილი დაიკავა.
იაპონიაში მიმდინარე სუმოისტთა საზაფხულო ბაშოზე მოგებათა სერია შეწყვიტა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც იოშიკაძესთან დათმო. ჩვენებურს 7-5 ბალანსი აქვს და მიზნამდე მოგება აშორებს.
თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მე-9 მარცხი იწვნია, ამჯერად, მე-10 მაეგაშირა შოჰოზანთან. ქართველი სუმოისტი ელიტას ისევ დაემშვიდობება.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ დაადასტურა გერმანულ სპორტულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გუნდის გაბონელი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი მომავალ სეზონსაც ამ კლუბში გაატარებს. ცნობილი იყო რომ აფრიკელი მოთამაშით სერიოზულად დაინტერესებულები „მილანი“ და „ჩელსი“ იყვნენ.
გუშინ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების მერე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. ჩავი “ბარსელონაში” 1995-2015 წლებში თამაშობდა, საიდანაც იგი ყატარში გადაბარგდა. ექსბარსელონელი უკვე 37 წლისაა, მას “ალ სადთან” კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
ესპანეთის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამ დღეებში მორატა ლონდონს მიაშურებს და მომავალ გუნდთან პირადი ხელშეკრულების პირობებს შეათანხმებს. ვილი კაბალიეროს, ანტონიო რუდიგერის და ტიმუ ბაკაიოკოს შემდეგ, მორატა მიმდინარე ზაფხულში “ჩელსის” მეოთხე შენაძენია.
მექსიკის ნაკრების თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ლონდონის “ვესტ ჰემში” გადავიდა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. 29 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში ლონდონში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კონტრაქტს გააფორმებს. ჩიჩარიტოს “ვესტ ჰემში” გადასვლას ოფიციალურად “ლევერკუზენიც” ადასტურებს.