რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყება, რომელზეც ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით, მეუფე პეტრეს დაკითხავენ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევაც.
უკვე დაკითხეს დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ და პატრიარქის დისშვილმა ქეთევან შიოლაშვილმა.
სასამართლო სხდომები დახურულია.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.