ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრებ შაქრო და თენგო კილაძეებს მეწველი ძროხები მოპარეს, სულ სამი სული. ორი ძროხა შაქრო კილაძეს ეკუთვნის, ერთი კი _ თენგო კილაძეს.
როგორც შაქრო კილაძე ამბობს, ძროხები საკუთარი ეზოს ჭიშკართან მოპარეს.
_ ზაფხულია და გვიან მოდიან საბალახოდან, გვიანამდე არიან ჭიშკართან. რომ გავედი, აღარ იყო. არადა, ერთი საათით ადრე, ვხედავდი, რომ ჭიშკართან იყვნენ. ერთი კვირაა, ვეძებ, მაგრამ კვალიც არ ჩანს. პოლიციასაც მივმართეთ, თუმცა, ჯერ არაფერი აღმოუჩენიათ.
იმავეს ამბობს თენგო კილაძეც.
ზოგადად, ბოლო პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძროხების ქურდობა კვლავ დაიწყო. სოფელ შემოქმედში ორ ოჯახს დაეკარგა ძროხა, ვერ იპოვეს, თუმცა მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
შინაური პირუტყვის ქურდობა ათიოდე წლის წინ ხშირი იყო გურიაში. მოსახლეობაში განახლდა შიში ოჯახის მარჩენალი ძროხის დაკარგვისა და ითხოვენ, რომ პოლიციამ ამ კუთხით მუშაობა გაამკაცროს. კერძოდ, გურიაში უამრავი კერძო პირი შემოდის, რომლებიც ტრანსპორტზე დამაგრებული მეგაფონებით დადიან და აცხადებენ, რომ შინაური პირუტყვის შესყიდვა სურთ. ხალხი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ასეთ პირებთან კავშირი ჰქონდეს ვინმე ადგილობრივს, „ვისი ავი ზრახვითაც“ შესაძლებელია საქონლის ქურდობაში დახმარება.
_ მრავალი წლის წინ, ასეთი ფორმით ხდებოდა ქურდობა და შესაძლოა, ეს გამეორდეს. პოლიციამ უნდა გაამკაცროს ამ კუთხით მუშაობა, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ სოფელ სილაურის მცხოვრებლები.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს და აღნიშნულის შესახებ ესაუბრა.
“სილაურში ძროხების ქურდობის გამო, მოსახლეობისგან შემოსულია შეტყობინება, დახმარების თაობაზე. პოლიცია ატარებს ღონისძიებას, ახდენს გამოკითხვას, დაკვირვებას, რომ ოპერატიულად მოხდეს ქურდების დადგენა”, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.