ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – ამის შესახებ განცხადება, თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა.
ირაკლი კოპლატაძემ განმარტა, რომ ღამის განმავლობაში, საელჩოში მოქალაქეების მხრიდან ზარები შედიოდა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს ძირითადად შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული.
“ამ მომენტისთვის 90 ადამიანი არის დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. მათ შორის, ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც იქ ისვენებს, იყო ცხელ ხაზზე შემოსული ზარები საელჩოში, ძირითადად შიშის მომენტიდან გამომდინარე. თუმცა, ამ მომენტისთვის დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან”, _ აღნიშნა ირაკლი კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი საკურორტო ქალაქ ბოდრუმიდან 10 კილომეტრის და საბერძნეთის კუნძულ კოსიდან 16 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ამიტომაც მიწისქვეშა ბიძგები ორივე ქვეყანაში იგრძნობოდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მცირე ზომის ცუნამიც წარმოიშვა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.