ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღემდე გაუხსენელია, ბოლო წლებში გახმაურებული რეზონანსული მკვლელობები, შეიცვალნენ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში უფროსები, რომლებიც თავიანთი გუნდით მოდიან და მიდიან, თუმცა აღნიშნულ საქმეებს ვერ ერთი ან ვერ ხსნის, ან უბრალოდ, მიზანმიმართულად არ ხსნის.
საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ პოლიცია ამა თუ იმ დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, უმეტესს შემთხვევაში ვიღაცის წინაშე ან ანგარიშვალდებულნი არიან, ან თავად არიან დამკვეთები.
გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ ხდებიან კრიმინალური სისხლიანი გარჩევების, კლანური დაპირისპირების, ბიზნესებში წილების გადანაწილების მსხვერპლნი.
როგორც “გურია ნიუსს” კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, “ჰონდას” მარკის ავტომანქანა ოზურგეთში მომხდარ უკვე სამ მძიმე დანაშაულში იკვეთება და ავტომაქანები სამივე შემთხვევაში დამწვარი იპოვეს, თანაც არანაირი ხელჩასაჭიდი ფაქტი არ დარჩენილა _ რამდენიმე წლის წინ ერთი მანქანა სოფელ ძიმითის ხიდთან იპოვეს დამწვარი, მეორე დაბა ლაითურში და მესამე კი გუშინ სოფელ ოზურგეთში.
ორი საქმე დღემდე გაუხსნელია, მესამეს გახსნა კი ოზურგეთელების ვერსიით, უკვე დაუჯერებელია.
“გურია ნიუსთან” ჩვენი წყარო ეჭვს გამოთქვამს, თუ რატომ არ ავლებს პოლიცია პარალელს აღნიშნულ საქმეებს შორის და რატომ არ ფიქრობენ სამართალდამცავები, რომ ეს მკვლელობები ერთი ჯაჭვის რგოლებია?
გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” არა ერთი წყარო საუბრობს, რომელთაც თმით, მოკლულ გურამ ფოცხიშვილს დაპირისპირება ჰქონდა ოზურგეთში ე. წ. “შავი სამყაროს” წარმომადგენლებთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის ვიღაცას ხელს უშლიდა გამხდარიყო ე.წ. “კანონიერი ქურდი”.
ერთერთი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ინციდენტი მოხდა. წყაროს თქმით, ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში მუშაობდა ე. წ. “ქურდული მენტალიტეტის მქონე” პირის _ ბ. მ.-ს ძმაკაცის ზ. ც.-ს და: “ამ მაღაზიაში შესულა, ასევე “ქურდული მენტალობის” მქონე ოზურგეთელი ა. ო., რომელიც ხმამაღალი საუბარი და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა ზ. ც-ს დას, შემდეგ კი ფანჯარაც ჩალეწა. ამის შემდეგ ბ. მ. და ზ. ც. ქუჩაში შეხვდნენ ა. ო.-ს, ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს ტყეში, სადაც უმოწყალოდ სცემეს. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ იწყება ე. წ.” ქურდული გარჩევები”, საბერძნეთში და თურქეთში მყოფ ე. წ. “კანონიერ ქურდებთან” სკაიპით ჩართვა და მტყუან-მართალის გარკვევა”, _ ამბობს ჩვენი წყარო.
რა კავშირი აქვს აღნიშნულ ინციდენტს ფოცხიშვილის მკვლელობასთან? ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფოცხიშვილი სიტუაციას შორიდან აკონტროლებდა და არც ერთ მათგანს მხარს არ უჭერდა: “მეტიც _ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ფოცხიშვილს უთქვამს, ვუყურებ კიდევ ცოტა ხანს, მერე ყველას ჩავყრი ერთდ დიდ ქვაბში და ქვემოდან ცეცხლს შევუნთებო”, _ გვითხრა წყარომ.
ზემოთ აღნიშნული ბ. მ. ნასამართლევია. სწორედ მას ედებოდა ბრალი გურამ ფოცხიშვილის უახლოესი მეგობრის, ირაკლი კვაჭანტირაძის მკვლელობაში, რომელი საქმეც დღემდე გაუხსნელია. ირაკლი კვაჭანტირაძე ფოცხიშვილის ე. წ. “პადენნიკი” იყო. მეტიც _ მას ხელზე გურამიკოს სახელი ჰქონდა ამოტვიფრული. ის სწორედ მაშინ ჩაცხრილეს სასაფლაოსთან, როცა ფოცხიშვილი ციხიდან გამოდიოდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კვაჭანტირაძის მკვლელობა ფოცხიშვილისთვის გამაფრთხილებელი ნიშანი იყო. გურამ ფოცხიშვილს დაპირისპირება ჩოხატაურში მცხოვრებ ე. წ. “ქურდული მენტალიტეტის მქონე პირთანაც” _ დ. ხ.-სთანაც ჰქონდა. რომელმაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჯერ “ქურდად” გახდომა ბოლომდე ვერ მოაგვარა, მასსა და ფოცხიშვილის უახლოეს მეგობარს წ. დ.-ს შორის ბოლო დროს ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.
მართალია, ფოცხიშვილს წლების წინ “კანონიერ ქურდებთან” ჰქონდა დაპირისპირება და ანგარიშსწორებაც, თუმცა, საზოგადოება გუშინდელ მკვლელობას დღევანდელ სიტუაციას უკავშირებს _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ვინც ახლო მომავალში მოაგვარებს, გახდეს “კანონიერი ქურდი”, ფოცხიშვილის მოშორებაც მისი დაგეგმილი, შეკვეთილი და გახორციელებულია.
გურამ ფოცხიშვილი ბოლო დროს ბიზნესითაც იყო დაკავებული. მას ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა წარმოშობით ოზურგეთელ ბიზნესმენთან, დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ი. კ.-სთან, რომელმაც ფოცხიშვილს თბილისში ე. წ. “ტაქსების” ბიზნესი “მოუგვარა”.
ახლო მეგობრების ინფორმაციით, ფოცხიშვილი ბოლო პერიოდში 10 000-დოლარიანი ჯავშანჟილეტით დადიოდა. მათივე თქმით, ეს ჟილეტი მას მკვლელობის დღესაც ეცვა.
“გურია ნიუსი” იმყოფებოდა მკვლელობის ადგილზე. მეზობლების ინფორმაციით, მათ გაიგონეს ავტომატის ძლიერი ხმა, თუმცა, იმდენად შეშინდნენ, ერთერთი მეზობლის თქმით, გარეთ გამოსვლა კი არა, ფანჯრები დაკეტა და ბავშვები მეორე ოთახში გაიყვანა:
“კიდევ კარგი, რომ გარეთ არავინ გამოვიდა, თორემ ვისაც დაინახავდნენ, ყველას დახოცავდნენ. ერთ-ერთი მეზობელი. რომელმაც მანქანაში მოკლულები იპოვა, პატარა ბავშვთან ერთად სახლი დატოვა და დროებით სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად”.
“ყველანი შეშინებულები ვართ! ისმოდა რაღაცა საშინელი, მძლავრი ხმა. არავის არაფერი არ დაგვინახავს. რომც დაენახა ვინმეს, ვერც ვერავინ იტყოდა _ დღისით, მზისით, ხდება ასეთი ამბავი”, _ ამბობენ მეზობლები.
ბოლოს ცოტა რამ წარსულიდან:
2013 წლის 5 აგვისტოს, ღამის თერთმეტ საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში შემზარავი მკვლელობა მოხდა _ გოჩა გუჯაბიძე საკუთარ სახლთან, დღემდე დაუდგენელმა პირებმა, გვიან ღამით ავტომატებით ჩაცხრილეს.
მიუხედავად იმისა, რომ გოჩა გუჯაბიძის მამას, ვარდენ გუჯაბიძეს მკვლელებთან დაკავშირებით ვერსიები აქვს, რის შესახებაც “გურია ნიუსი” რამდენჯერმე წერდა, მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.
2015 წლის 16 თებერვალს, 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. “მოიდანახეს” სასაფლაოზე ჩაცხრილეს. მკვლელების ვინაობა დღემდე დაუდგენელია. სწორედ კვაჭანტირაძე იყო გურამ ფოცხიშვილის ოჯახისა და მისი პირადი ახლობელი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიციას ფოცხიშვილის სატელეფონო საუბრები დღემდე გაშიფრული არ აქვს.