როგორც თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, ჩრდილოეთ ამერიკელებს საშუალოდ ღამეში შვიდი ან შვიდსაათ-ნახევარი სძინავთ. რამდენად მნიშვნელოვანია ძილი? ღამის განმავლობაში ყოველ 60-90 წუთში თქვენ გადიხართ სწრაფი ძილის ფაზას. ამ ფაზების დროს ტვინი ყველაზე მეტად არის გააქტიურებული და როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ის ამ დროს თვითაღდგენას ახდენს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ძილის ციკლის დარღვევა და ძილის გაკრთობა, ორგანიზმზე კუმულაციურ ეფექტს ახდენს. ეს მოქმედებს ტვინზე და აფერხებს მის ფუნქციონირებას. ამასთანავე, ეს სხვა გართულებებსაც იწვევს.
ისეთი ნივთიერება, როგორიცაა კოფეინი, გარკვეული დროით აფერხებს იმ ქიმიური ნივთიერების გამოყოფას, რომელიც ძილის სიგნალს გადასცემს ტვინს. თუ ორგანიზმს აკლია ძილი, ჩვენი ტვინი რთავს მექანიზმს, რომელიც იწვევს ეგრეთ წოდებულ მიკროძილს.
გაზეთ „ტორონტო სტარის“ ერთ-ერთ ნომერში ნათქვამი იყო: „მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებთ, თქვენი გამოუძინებელი ტვინი დროდადრო დაახლოებით 10—60 წამის განმავლობაში ძილის პირველ ფაზაში შედის“. წარმოიდგინეთ, თუ მანქანა 48 კმ/სთ სიჩქარით მიგყავთ და ათწამიანი მიკროძილის ფაზაში ხართ, გამოდის, რომ მძინარე მდგომარეობაში 50 მეტრზე მეტს გაივლით. ძილის ნაკლებობა იმუნურ სისტემასაც ასუსტებს, რადგან სწორედ ძილის პროცესში გამოიყოფა თ-ლიმფოციტები, რომლებიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს ებრძვიან. ძილის პროცესში აგრეთვე გამოიყოფა ჰორმონი ლეპტინი, რომელიც მადას არეგულირებს. ფაქტია, რომ ორგანიზმს ისევე სჭირდება ძილი, როგორც სათანადო ვარჯიში და კვება.