ნატაშა მიხაილოვა, ოზურგეთი:
_ კრიმინოგენური ვითარება არ გაუმჯობესებულა _ პირიქით, თავი როგორ ვიგრძნო დაცულად, როცა დღისით კლავენ ადამიანებს მანქანაში? პოლიციამ უნდა იმოქმედოს უფრო მეტად. რატომ ვერ ხვდებიან, რომ ადგილებზე ადგილობრივი კადრები უნდა იყვნენ დასაქმებულები ძირითადად? ყოველთვის სხვა რეგიონიდან რომ მოჰყავთ პოლიციელები და აქაური ქუჩაც კი არ იციან, როგორ დაამყარებენ წესრიგს?!
ხათუნა კინწურაშვილი, ოზურგეთი:
_ არ გაუარესებულა. მიმაჩნია, რომ დაცული ვარ.
დავით სურგულაძე, ოზურგეთი:
_ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. პირადად მე თავს დაცულად იმიტომ ვგრძნობ, რომ არაფერს ვაშავებ.
ვეფხია ლეჟავა, ოზურგეთი:
_ გაუარესებულია _ ადამიანებს ხოცავენ ქუჩაში. აგერ, მეზობლებს ძროხები მოპარეს. მე დაცული რამდენად ვარ, არ ვიცი _ ფული მე არ მაქვს, რომ მომივარდნენ და…
ნანული კვირკველია, ოზურგეთი:
_ უკეთესობა არის, როგორ არა. 15 წლის წინ ძროხა მომპარეს. ახლა ვცხოვრობ ჩემთვის, წყნარად, მშვიდად, ღამითაც ისე დავდივარ, როგორც დღისით, არაფრის მეშინია.
რომან გაგუა, ოზურგეთი:
_ არ ვიცი და ვერ გიპასუხებთ. არ მაინტერესებს.
იზოლდა სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ სოფელში არ არის ჯერ ისეთი მდგომარეობა, როგორიც ქალაქში. ამიტომ, თავს დაცულად ვგრძნობ.
ნანა ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ ძალიან გაიზარდა დანაშაულის დონე და არაა წესრიგი ქვეყანაში.
ანზორ ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ ნამდვილად გაუარესებულია მდგომარეობა და შესაბამისად, საზოგადოებაშიც მატულობს დაუცველობის განცდა.
ბიძინა ძნელაძე, ჩოხატაური:
_ დანაშაულის დონე ცოტა კია გაზრდილი, მაგრამ თავს დაცულად ვგრძნობ.
ომარ ბერიძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, არ მაქვს შეხება ამ საკითხთან.
ვანო აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ კი ვიგებ ხოლმე ტელევიზიის საშუალებით ცუდ ამბებს, ჩემ ირგვლივ კი, საბედნიეროდ, სიმშვიდეა.
ნანა კვიჭიძე, ლანჩხუთი:
_ რა ვიცი?! ლანჩხუთში სიმშვიდეა ამ მხრივ.