ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩაზე მცხოვრებმა შოთა ჩიხლაძემ “გურია ნიუსს“ დახმარებისთვის მიმართა და ზუსტი ინფორმაციის დაწერა სთხოვა:
“ძალიან გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით იქნებ გააგებინოთ საზოგადოებას, რომ აღნიშნული საშაურმა არის ჩემი კუთვნილება და არა შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კახა მურადაშვილის“.
შოთა ჩიხლაძე ბიზნესმენი დათო ჩიხლაძის მამაა.
რამდენიმე დღის წინ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ, მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბიზნესით არის დაკავებული და ქალაქ ოზურგეთში ახალგახსნილ საშაურმეს მფარველობას უწევდა.
მჟავანაძის მიერ გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ , „ენმ“ ცენტრალური ოფისის ლიდერებმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მჟავანაძის ტელეფონზე გახორციელდა მუქარის შემცველი ზარები.
“გურია ნიუსი“ შეეცადა, როგორც დავით მჟავანაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დეპარტამენტის უფროსის მისამართით და ასევე, მოქალაქე შოთა ჩიხლაძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ადგილზე გადაემოწმებინა.
როგორც შოთა ჩიხლაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, ქალაქ ოზურგეთში დავით კლდიაშვილის ქუჩაზე #7-ში მდებარე 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი, ორი წლის წინ ბანკიდან გამოტანილი კრედიტით შეიძინა:
პირველ სართულზე არის ავტოსერვისი განთავსებული, მეორეზე _ გასაქირავებელი ფართები, გვერდით კი საშაურმე ახალი გახსნილი მაქვს. თქვენ, შეგიძლიათ ნახოთ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც, _ ამბობს ჩიხლაძე. მისივე თქმით, თავდაპირველად ვაგონი ჰქონდა ჩადგმული და მეგობრების დახმარებით, თბილისიდან ავტონაწილები ნისიად მოჰქონდა:
“ჩემი შვილი სულ მეჩხუბებოდა, არ გვინდა ვალებიო, ნუ იწყებ ამხელა საქმიანობასო, თვითონ მშენებლობებს კურირებს და ბიზნესმენია, ბათუმში მუშაობს. ასევე, შეგიძლაით გადაამოწმოთ, რამხელა კრედიტი მაქვს ბანკში და ეს ქონება კი სულ ჩადებულია“, _ ამბობს ჩიხლაძე.
რაც შეეხება, მფარველობას უწევს თუ არა მის ბიზნესს პოლიციის შეფი, ჩიხლაძე ამბობს, რომ მურადაშვილს იცნობს, თუმცა, მასთან ახლო ურთიერთობას და რაიმე სახის ახლო კავშირს გამორიცხავს:
“პოლიციის უფროსს ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ, ჯერ ერთი ავტომაღაზია მაქვს და მეორე იქედან, რომ რამდენიმე ხნის წლის, წინ ორჯერ გამქურდეს და პოლიციაში განცხადებები მაქვს შეტანილი, ორივეჯერ ტელევიზორები და კომპიუტერები მომპარეს“, _ ამბობს შოთა ჩიხლაძე. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქურდები ჯერ დაკავებულები არ არიან.