საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება იყო.
ადმინისტრაციისვე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
”ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი”, – განმარტავენ ადმინისტრაციაში.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება ისრაელის კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების მიმართულებით და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.
”საუბარი შეეხო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას, რასაც საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და დაინტერესებულია ამ მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარებით.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.