ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კომპანია „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის სრული დეზინფორმაცია, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შსს-სთვის ავტომობილების შეძენა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ საჭიროებას და მოცემული ფაქტის განსაკუთრებულ მოვლენად წარმოჩენა არის სპეკულაცია. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შს სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.
შსს-ს მიერ ტენდერის გზით, საპოლიციო მიზნებისთვის ავტომობილების შეძენა
2007 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება.
საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების ერთიანი ტექნიკური სტანდარტი (მათ შორის, ტექნიკური სატენდერო მოთხოვნების სახით) ჩამოყალიბდა 2007 წლიდან, როდესაც საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სრულად ფუნქციონირება დაიწყო.
2007 წლიდან დღემდე (გარდა 2014 წლისა), ტენდერი იმართება ყოველწლიურად, ერთი და იმავე სატენდერო პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. 2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახურები.
ამდენად, საუბარი სატენდერო პირობების მორგებაზე სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.