23 ივლისს ქალაქ ოზურგეთში გურიის ტურიზმის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ევროკავშირის წარმომადგენელი დომინიკა სკუბიდა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.
ფესტივალი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში გაიმართა. 3 წლიანი პროექტის მიზანი გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
ღონისძიებაზე ეთნოგრაფიული კუთხეების, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი მხატვრების გამოფენა მოეწყო. მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს. ასევე გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილ აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრების პატივსაცემად, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს.
ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურიის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა:
,,გურიის რეგიონს მართლაც აქვს უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომ იგი საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო და ტურისტებისათვის მიმზიდველ ადგილად იქცეს. ამ მხრივ, ნამდვილად გვაქვს საამაყო, რადგან გურია რელიეფურად მთისა და ზღვის უნიკალურ კურორტებს აერთიანებს.
თითოუეული თქვენგანი დამეთანხმება, რომ ოზურგეთი არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტი. ეს არის გამორჩეული ქალაქი თავისი მრავალწლიანი ისტორიით, ტრადიციებით, ხალხითა და კულტურით. სწორედ ამიტომაც, ღირსეულად ერგო ოზურგეთს ფოლკლორის ქალაქის სტატუსი.
თქვენ ხედავთ, რომ ამჟამად ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე ხედავთ, რომ ხორციელდება უდიდესი პროექტი – ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მასშტაბური რეაბილიტაცია. ოზურგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი თეატრალური ცხოვრებით, მსახიობებითა და ტრადიციით, რაც ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია.
ოზურგეთი ასევე ამაყობს ისტორიული მუზეუმით და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალით, სადაც ჩვენი წარსულის უნიკალური ექსპონატებია დაცული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მალე ოზურგეთში ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივაა. ზემოთხსენებული პროექტებიც სწორედ, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება. მნიშვნელოვანი ამ პროცესებში ის არის, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ კულტურული ობიექტების განახლებაა. საზოაგადოება მჭიდროდ თანამშრომლობს თვითმმართველობასთან და პროექტებიც მათი უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ჩვენ ერთად ვავითარებთ ქალაქს.
რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენ გვჭირდება მეტი პოპულარიზაცია. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ კარგად იქნეს გურიის სტრატეგიული განვითარების საკითხები შესწავლილი. სამომავლოდ სახელმწიფომ ინვესტორებთან ერთად უნდა განავითაროს გურიის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურა. და ბოლოს, დავასრულებ, იმით, რომ გურულებმა გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობა ვიცით და ყველა ის ტურისტი, ვინც კი გურიას ოდესმე ეწვევა, დარწმუნებული ვარ, გურულების მასპინძლობით აუცილებლად დარჩება განცვიფრებული”.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ პროექტს ერთად ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
24–26 ივლისს, კოლეჯ „ჰორიზონტში“ გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიანი განხილვა გაიმართება. (R)