რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი კარიერის გაგრძელებას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ აპირებდა. ცოტა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა და ბრაზილიელი ვარსკვლავთბიჭუნა მომავალ სეზონს კვლავ „ბარსელონაში“ გაატარებდა.
კატალონიური გუნდი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ორი დღის წინ ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში ნეიმარმა თავი ორჯერ გამოიჩინა და „ბარსელონას“ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა – 2:1.
გუშინ ღამით, პიკემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ნეიმართან ერთადაა. კატალონიელმა ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: “ის რჩება”. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნეიმარს ლეო მესი და ლუის სუარესიც ესაუბრნენ. იმ შეხვედრის შემდეგ არგენტინელმაც იგივე გაიმეორა – „ის რჩება“.
გუსინ საღამოს ესპანურ მასმედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. აღმოჩნდა რომ თანაგუნდელებისთვის მიცემული პირობის მიუხედავად ნეიმარს გული კვლავ საფრანგეთის დედაქალაქისკენ მიუწევს. მისი „საკითხი“ ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ბრაზილიელი შემტევის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის ალბათობა 80-90 პროცენტია. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, კარლოს ბაკამ “მარსელში” გააგრძელოს კარიერა. “მილანის” ახალი მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ – მათ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს. ბაკა ტრანსფერზეა დაყენებული და მისი გადაბირება “მარსელს” უნდა. ფრანგები მზად არიან 30 წლის კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ,
იტალიური „ემპოლის“ ქართველი თავდამსხმელი რომან ჭანტურია კარიერას ალბათ რუსეთში გააგრძელებს. მისით „როსტოვი“ და „რუბინი“ არიან დაინტერესებულები. თუ იტალიურ სპორტულ მასმედიას ვენდობით ჭანტურია რუსეთში იჯარის წესით გადავა.
21 წლის ქართველი „ემპოლიში” ოფიციალურად 2015 წლიდან ირიცხება. მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ის ამ კლუბის ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობდა. 2017 წლის დასაწყისში ჭანტურია პორტუგალიურ „ოლიანენშეში” გაანათხოვრეს.
ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი პოლონური “პოგონის” ფეხბურთელი გახდა. მან ახალ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი პრეზენტაციაც შედგა. 22 წლის მცველი “შლიონსკში” თამაშობდა, რომელმაც იგი ყაზახეთში გაანათხოვრა, თუმცა გასულ თვეში უკან დაიბრუნა.