საქართველოს სახალხო დამცველი კორპუსის მშენებლობისას მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ “უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის”.
“გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, მშენებლობაზე არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას ვითარების რადიკალურად შესაცვლელად.
საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველს პრინციპული შენიშვნები აქვს კანონპროექტის არსებულ ტექსტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ განხილვების განმავლობაში აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.