საქართველოს სახალხო დამცველი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2017 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით ცვლილება შეიტანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რის შედეგად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბერი.
საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილების შეტანას. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული სხვა პოზიტიური ცვლილებები (დახურულ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვა, თამბაქოს პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამირებისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამებისა და სამედიცინო გაფრთხილების დატანის წესს და ა. შ.) უკვე დადგენილ ვადებში ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან საქართველოს მაცხოვრებელთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა კიდევ მრავალი წლით გადაიდება, რაც საბოლოოდ ძალზედ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც მიადევნებს თვალყურს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას”, _ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.