ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის, ეკა მგელაძის მოწოდებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს – 184 900 ლარს.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცემს ვარლამ სიმონიშვილის უნიკალური ჩანაწერებს.
“ყველა ჩანაწერი, რაც კი ჩაუწერია ვარლამ სიმონიშვილს 1930-იან წლებიდან ბოლომდე, სანამ ცოცხალი იყო, გადავცემ მუზეუმს საჩუქრად. მთელი ეს უნიკალური ფონდის გადაცემას ვაპირებ. მიხარია, რომ ასეთი მუზეუმი იქნება შემოქმედში“, _გვითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.
ვარლამ სიმონიშვილი იყო ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაიბადა მეტად ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი 1896 წელს. სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. 14 წლის ასაკში მომღერალ-მგალობელ ანტონ დუმბაძის მოსწავლე გახდა. 1900 წელს გაიცნო სამუელ ჩავლეიშვილი და მონაწილეობდა მისი გუნდში. უკვე 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა. ფილიმონ ქორიძის დახმარებით სიმონიშვილმა ისწავლა მუსიკალური ნოტები. პირველი გუნდი 1903 წელს ჩამოაყალიბა 15 კაცის შემადგენლობით. 1906 წელს შექმნა გურულ-აჭარული ხალხური სიმღერების გუნდი, სადაც გურულებთან ერთად შვიდი ქობულეთელი შეიყვანა.
არტემ ერქომაიშვილთან და დიმიტრი პატარავასთან ერთად ჩაწერა საგალობელთა კრებული „11 მარგალიტი“. 20-იანი წლებიდან სიმონიშვილი დაინიშნა გურიის სამაზრო რევოლუციური გუნდების ხელმძღვანელად, ხოლო 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა ოზურგეთის აბრეშუმის ქარხნის ოთხმოცდაათკაციან გუნდს. 1927 და 1935 წლებში წარმატებით გამოვიდა კონცერტებზე მოსკოვში.
გარდა გუნდების ხელმძღვანელობისა, სიმონიშვილი საკუთარ ნაწარმოებებსაც წერდა. დიდი როლი შეასრულა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში, შექმნა ამა თუ იმ სიმღერის ცალკეულ ხმათა ვარიანტები. სხვადასხვა დროს მისი მოსწავლეები იყვნენ ლოტბარები ესე ჭანიშვილი, დომენტი ქარჩავა, მარგალიტა სადრაძე, შერმადინ ჭკუასელი, ვარლამ ვაშალომიძე, ილარიონ სიხარულიძე. 1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. გარდაიცვალა 1950 წელს. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. სოფელშივე მოქმედებდა მისი სახლ-მუზეუმი.
სტატიაში გამოყენებულია ვიკიპედიის მასალები.