+675 7089 4031, +675 7089 4060, +675 7089 4048, +675 7089 4029, +675 7089 4023 … _ თუ თქვენს ტელეფონზე აღნიშნული ან მსგავსი ნომრებიდან გამოტოვებული ზარი შემოვიდა, ფრთხილად, საქმე თაღლითურ სქემასთან გაქვთ.
პაპუა ახალ გვინეაში და კარიბის ზღის ქვეყნებში თუ ნაცნობ მეგობრები არ გყავთ, დიდი ალბათობით, თქვენთან სწორედ თაღლითები რეკავენ. თქვენს მიერ აღნიშნულ ნომრებზე გადარეკვის შემთხვევაში კი, ბალანსიდან საკმაო რაოდენობის თანხა ჩამოგეჭრებათ.
ამ სქემას “ვანგირი ზარებს” ეძახიან — სიტყვა “ვანგირი” იაპონურია და ნიშნავს “ერთი ზარი და დაკიდება”-ს. ზარების მიზანია, ადამიანმა შესულ ნომერზე გადარეკოს და რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვონ ხაზზე, ამიტომ, შესაძლოა რეკლამა, ხუმრობა ან მუსიკა მოგასმენინონ.
ბევრი სხვა მოქალაქის მსგავსად, თაღლითურმა სქემამ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი როინ გუნდაძეც დააზარალა. როგორც ის „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას სხვადახვა ნომრიდან გუშინ ორჯერ დაურეკეს.
„გუშინ 30 ივლისს, შემომივიდა ზარი. პირველი ზარი 13:08 –ზე შემოვიდა. ეს ჰგავდა უფრო ჩვეულებრივ ზარს. ახლობლები მყავს საზღვარგარეთ და ვიფიქრე, ისინი ხომ არ არიან–თქო და დაუყოვნებლივ დავრეკე. აღმოჩნდა რომ არა. ჩვეულებრივი მოქალაქის ნაცვლად ავტომოპასუხე ჩაირთო. ინგლისურად საუბრობდა. ვიფიქრე, ალბათ შეცდომით დამირეკეს–მეთქი და გავთიშე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ანგარიშიდან 2 წამის განმავლობაში 2 ლარი და 50 თეთრი ჩამომეჭრა, ბევრი კი არაფერი მომისმენია.
შემდეგი ზარი სხვა ნომრიდან 17:41 –ზე განხორციელდა. მივხვდი რომ საქმე სავარაუდოდ, თაღლითობას ეხებოდა და აღარ დავურეკე“,_ ამბობს გუნდაძე.
მისივე თქმით, თაღლითური ზარის გამო ტელეოპერატორს არ დაკავშირებია და არც კომპანიიდან მიუღია გამაფრთხილებელი შეტყობინება მოსალოდნელი თაღლითობის შესახებ.
„ტელეოპერატორისთვის არ მიმიმართავს, რადგან გავიგე რაშიც იყო საქმე. ამჟამად ვსარგებლობ „ბილაინის“ აბონენტთა მომსახურებით, მაგრამ როგორც მომხმარებელს არანაირი გამაფრთხილებელი შეტყობინება არ მიმიღია. გამაფრთხილებელი შეტყობინება რომ მიმეღო არც დავრეკავდი. როგორც მომხმარებელი თავს დაზარალებულად მივიჩნევ“,_ ამბობს გუნდაძე.
რა უნდა გავაკეთოთ მსგავსი თაღლითური მახეში გაბმის თავიდან ასაცილებლად, არიან თუ არა ქართველი აბონენტები დაცულები და რას პასუხობენ ქართული მობილური ოპერატორები აბონენტებს მსგავს შემთხვევებზე, _ „გურია ნიუსი“ საკითხის გარკვევას თავად მობილურ ოპერატორებთან დაკავშირებით შეეცადა.
სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ბალაინსა“ და „ჯეოსელს“ ერთნაირი კითხვებით მივმართეთ:
_ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ თქვენს აბონენტებთან გამოტოვებული ზარები შევიდა უცხო ნომრები პაპუა-ახალი გვინეიდან ან კარიბის აუზის ქვეყნებიდან?
_რამდენადაა დაცული თქვენი ბაზები და არის თუ არა შანსი, მსგავს თაღლითურ ჯგუფებს მასზე წვდომა ჰქონდეთ?
_ რამდენად ძვირი უჯდებათ აბონენტებს პაპუა ახალ გვინეაში დარეკვა არსებულ ტარიფთან შედარებით?
_“გურია ნიუსს“ რამდენიმე დაზარალებული დაუკავშირდა. არის თუ არა შანსი მათ ის თანხები აუნაზღაურდეთ, რაც ამ ნომრებზე გადარეკვისას ჩამოეჭრათ?
_ გააფრთხილეთ თუ არა აბონენტები თაღლითური ზარების შესახებ?
_ დაზარალებულმა აბონენტებმა თუ მომართეს კომპანიას? რამდენმა?
_რა ღონისძიებებს გეგმავს კომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
_ მიმართეთ თუ არა რომელიმე სამართლებრივ უწყებას?
ყველა მობილური ქსელის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა კითხვების მეილზე გაგზავნა გვთხოვა. მთელი დღის ლოდინის შემდეგ, მათგან ოფიციალური, შაბლონური პასუხები მივიღეთ.
როგორც მობილური კომპანიები აცხადებენ, მათ აბონენტების დაცვა შემომავალი ზარების დაბლოკვით შეძლეს, თუმცა, როგორც კომპანია „მაგთიკომი“ აღნიშნავს, ნომრის დაბლოკვის მიუხედავად, ზარების შემოსვლის რამდენიმე ფაქტი მაინც დაფიქსირდა.
კომპანია „ჯეოსელის“ განმარტებით, მათ კონკრეტული მიმართულებით გამავალი ზარები დაბლოკეს, რითაც მომხმარებლების ეფექტიანად დაცვა შეძლეს.
„რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა საერთაშორისო ზარებზე განხორციელებული თაღლითური სქემის მორიგი შემთხვევა, რომელმაც მასიური ხასიათი მიიღო. მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ჯეოსელის თაღლითობასთან ბრძოლის სამსახური მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, რათა დროულად დააფიქსიროს და აღკვეთოს თაღლითური შემთხვევები. ჯეოსელის მუდმივმა მზადყოფნამ, ეფექტიანად მოახდინოს ასეთ ფაქტებზე რეაგირება, უზრუნველყო მომხმარებლის მაქსიმალური დაცვა თაღლითური შემოტევისგან: კომპანიამ დაბლოკა გამავალი ზარები კონკრეტული მიმართულებით.
ამ პრევენციული სამუშაოების საშუალებით რამდენიმე დღის წინ დაფიქსირებული მასობრივი თაღლითური შემთხვევების ნეგატიური შედეგები თავიდან იქნა აცილებული. ამ ტიპის თაღლითობა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ეს სქემა მუშაობს შემდეგნაირად: შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ნომრებზე ხდება ზარის გაშვება, რაზეც დიდი ალბათობით, ზარის მიმღებმა აბონენტმა შესაძლოა გადარეკოს. სწორედ ამ დროს ხდება გარკვეული თანხის ჩამოჭრა აბონენტის ბალანსიდან.
ჯეოსელი განაგრძობს ყოველდღიური მონიტორინგის პროცესს, რათა მისი თითოეული აბონენტი მაქსიმალურად იყოს დაცული თაღლითობის შემთხვევებისგან“, _ გვიპასუხეს წერილობით კომპანია „ჯეოსელიდან“.
კომპანია „მაგთიკომი” კი მომხმარებლებს ურჩევს, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებიან, მოერიდონ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდნენ.
„პერსონალური მონაცემების დაცულობა მაგთიკომისთვის პრიორიტეტია და ის უმკაცრეს კონტროლს ექვემდებარება. მაგთიკომი აბონენტთა პერსონალურ მონაცემებს არავის არ გადასცემს და არც არავის არ შეიძლება ჰქონდეს წვდომა მაგთიკომის აბონენტთა ბაზასთან. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში თაღლითების მიერ ზარი ხორციელდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. მაგთიკომის აბონენტებთან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან: 0067570894048; 0067570894045; 0067570894046 ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაგთიკომი ასეთ შემთხევევბში დაუყოვნებელ რეაგირებას ახდენს:
1. ასეთ ნომრებს ბლოკავს (საერთაშორისო კოდის 00 ან 1010-ის გამოყენებით)
2. აფრთხილებს მომხმარებლებს ოფიციალური ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილი იყო.
თუმცა, ნომრების დაბლოკვის შემდეგაც დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აბონენტები სხვა საერთაშორისო კოდების გამოყენებით რეკავდნენ აღნიშნულ ნომრებზე,რასაც შესაბამისი ხარჯი მოყვებოდა. კომპანია ურჩევს მომხმარებლებს, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებიან, მოერიდონ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდნენ“, _ აღნიშნულია „მაგთიკომის“ მიერ „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
რაც შეეხება „ბილაინს“, „გურია ნიუსს“ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პასუხს მოამზადებენ და წერილობით გამოაგზავნიათ, თუმცა როდის, ამას ვერ აკონკრეტებენ.