საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
“ოკუპანტი ძალის ქმედებები – ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია.
ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას – საქართველოს ოკუპაციას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.