რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ხელის მოწერას ფეისბუქ- გვერდზე ეხმაურება.
„აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება რამდენიმე შედეგს მოიტანს. პირველ რიგში, ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი და მიზანი ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამით სრულდება. მეორე, ეს არის რუსეთთან სრულფასოვანი ეკონომიკური ომის დეკლარაცია. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სისუსტე, ყველაზე დამამცირებელი გზით, კონგრესისთვის აღმასრულებელი ხელისუფლების გადაცემით, აჩვენა. ეს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში ძალაუფლების ბალანსს შეცვლის.
რას ნიშნავს ეს მათთვის? ამერიკის ისტებლიშმენტმა ტრამპი ჭკუაში მოატყუა. პრეზიდენტი არ არის ბედნიერი ახალი სანქციებით, არ უნდოდა, მაგრამ ხელი კანონპროექტს მაინც მოაწერა. ახალი სანქციებს ტრამპის ჩაჩუმება მოჰყვა. მომდევნო ნაბიჯები კი მიზნად ისახავს ტრამპისთვის ძალაუფლების ჩამოსრთმევას. არა სისტემური მოთამაშე უნდა მოიხსნას. ამავდროულად, პოლიტიკაში არჩეული პრაგმატული მიდგომის გამო, ამერიკის ბიზნეს-საზოგადოების ინტერესები იგნორირებულია. ანტირუსული ისტერია ამერიკის საგარეო (რაც ბევრჯერ მოხდა) და საშინაო პოლიტიკის (რაც სიახლეა) გასაღებად იქცა.
თუ სასწაული არ მოხდა სანქციების რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში დარჩება. ეს კანონმდებლობა უფრო მკაცრია, ვიდრე ჯექსონ-ვანიკის საკანონმდებლო ცვლილება და კონგრესის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს არ შეუძლია მისი გაუქმება.
შესაბამისად რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული იქნება, იმის მიუხედავად, თუ რა შემადგენლობის იქნება კონგრესი ან ვინ იქნება პრეზიდენტი.
საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაზე უარის თქმით საერთაშორისო დაძაბულობა იზრდება და წინ არის გრძელვადიანი არგუმენტები საერთაშორისო სასამართლოებსა და დაწესებულებებში.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ სტაბილურად გავაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკისა და სოციალური სექტორის განვითარებაზე, მივიღებთ ზომებს იმპორტის ჩასანაცვლებლად და ძირითადი ეროვნული ამოცანების გადასაჭრელად, დავეყრდნობით საკუთარ თავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თითქმის დახურულ ფინანსურ ბაზრებზე, უცხოელი ინვესტორებისა და კრედიტორების მიერ რუსეთში ინვესტირების შიშით და მესამე მხარისა და ქვეყნების სანქციებით, ჩვენ ამის გაკეთება ვისწავლეთ.
გარკვეულწილად ეს ჩვენი უპირატესობაც კია, მაგრამ სანქციები სრულად უაზროა.ჩვენ გავუმკლავდებით“,_წერს მედვედევი ფეისბუქ-გვერდზე.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დაუწესა, რის შემდეგაც, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების არაერთხელ დარღვევისთვის პერიოდულად ახანგრძლივებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის მიღება კიბერშეტევების, ასევე უკრაინასა და სირიაში აგრესიული ქმდების მოტივით მოხდა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და კონგრესი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებულები იყვნენ და ტრამპი კანონპროექტს ხელს მალე მოაწერდა, თუმცა პენის ვიზიტის შემდეგ შეერთებული შტატების მდივანმა, ტილერსონმა განაცხადა, რომ ის და პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ბედნიერები არ არიან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კი იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი დოკუმენტზე ხელის მოწერამდე ევროპის ლიდერებთან კონსულტაციას გაივლიდა და მიღებული გადაწყვეტილებით ევროპას არ დააზარალებდა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი დახურულ კარს მიღმა მოაწერა.
SLATE.COM-ის ცნობით, ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, რადგან იცოდა, რომ მას მხარს ვეტოს დასაძლევად საჭირო რაოდენობაზე მეტი კონგრესმენი უჭერდა.
როგორც ტრამპმა განაცხადა, კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურია, მაგრამ ხელი ეროვნული ერთიანობისთვის მოაწერა.