სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 5 ადგილობრივი საბჭოს (ვადაზე ადრე გათავისუფლების – უდოს კომისიის) გადაწყვეტილებით, 62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა, 41-ს კი, სასჯელი შეუმსუბუქდა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კომისიის სხდომა გუშინ ჩატარდა და მასზე 859 პირის საკითხი განიხილეს.
როგორც „გურია ნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, 55 მსჯავრდებულთან მიმართებაში საკითხის ზეპირი განხილვა დაინიშნა.
„2017 წლის 2 აგვისტოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 5 ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომებზე განხილულ იქნა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული 859 და თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული 41 შუამდგომლობა.
ადგილობრივმა საბჭოებმა 62 მსჯავრდებულის შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და მათ პენიტენციური დაწესებულებები იმავე დღეს დატოვეს.
გარდა ამისა, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, 55 მსჯავრდებულთან მიმართებაში დაინიშნა საკითხის ზეპირი განხილვა, რაც გულისხმობს საბჭოს წევრების მსჯავრდებულებთან გასაუბრებას პენიტენციურ დაწესებულებებში.
სხდომები 4 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათლით გაიმართება, რის შემდეგაც ის მსჯავრდებულები, რომელთა მიმართაც საბჭოს წევრები დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ასევე დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
უწყება განმარტავს, რომ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევის, წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტების, მისი პიროვნების, ოჯახური მდგომარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ სამინისტროში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭომ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) მსჯავრდებული 25 პირის საქმე განიხილა, თუმცა, ამ ეტაპზე არცერთი მსჯავრდებული არ გათავისუფლებულა პენიტენციური დაწესებულებიდან, ასევე არც ერთი მათგანის მიმართ არ დანიშნულა საკითხის ზეპირი მოსმენა.