უძველესი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, დაეპყროთ საჰაერო სივრცე. ჰაერში გაფრენის მრავალრიცხოვან პიონერებს შორის დიდება მოიპოვა ორმა ფრანგმა, ძმებმა მონგოლფიებმა. 1783 წელს მათ ააგეს ჰაერზე უფრო მსუბუქი ხომალდი _ საჰაერო ბურთი. ძმები მონგოლფიების სფეროს გარსი გაკეთებული იყო ქაღალდისაგან და ტილოსაგან. ბურთი გავსებული იყო გამთბარი ჰაერით, რომელიც ცივ ჰაერზე მსუბუქია.1783 წლის 4 ივლისს უამრავი ხალხის თანდასწრებით ძმები მონგოლფიების ბალონი აფრინდა ჰაერში და ათ წუთში დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ძმები მონგოლფიების რეკორდი გააუმჯობესა ფრანგმა ფიზიკოსმა შარლმა. ჰაერზე მსუბუქი გაზით, წყალბადით გავსებულმა მისმა სფერომ ორ წუთში 1000 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ამ ცდებით დაინტერესებულმა პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ შესთავაზა ძმებს მონგოლფიებს, გაემეორებინათ საჰაერო ბურთით გაფრენა. ეს მოხდა 1783 წლის სექტემბერში. ამჯერად საჰაერო სფეროს გამოაბეს გალია, რომელშიც მოათავსეს პირველი მგზავრები – ცხვარი და იხვი. გაფრენის მშვიდობიანმა დაბოლოებამ მრავალ გულად ადამიანს აღუძრა სურვილი მოეწყო საჰაერო მოგზაურობა. მალე ორი გაბედული ფრანგი, მარკიზ დარლანდი და შევალიე დე როზიე აფრინდნენ მონგოლფიების მსგავსი ბურთით. ასეთ ბურთებს მაშინ უბრალოდ, მონგოლფერებს ეძახოდნენ.
პირველი აერონავტების მიღწევებს მოჰყვა ახალი ცდები. 1785 წელს ფრანგმა ფრანსუა ბლანშარმა გამოიყენა ზურგის ქარი და საჰაერი ბურთით გადაუფრინა ლამანშის სრუტეს.
დაიწყეს საჰაერო ბურთების გამოყენება მეცნიერული კვლევებისათვის. ერთ-ერთი პირველი მეცნიერული გაფრენა მოახდინა ორმა ფრანგმა მეცნიერმა: ბიომ და გეი-ლიუსაკმა, რომლებიც 1804 წელს 7000 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ და იქ 6 საათი დაჰყვეს. იმ დროისთვის ეს იყო ფანტასტიკური შედეგი.