რამდენიმე დღეში გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება. გურიის მოქმედი გუბერნატორი გია სალუქვაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, თანამდებობას ოფიციალურად 14 აგვისტოს დატოვებს. ჩვენს კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი გათავისუფლება საარჩევნო პერიოდს, ის გვპასუხობს, რომ მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და დრო გურიაში.
როგორც სალუქვაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.
_ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია მქონდა პრემიერთან და ახლა, არჩევნებისთვის ახალი გუბერნატორი იმუშავებს, მე სხვა სამსახურში გადავდივარ, _ გვითხრა სალუქვაძემ.
_ ბატონო გია, ხომ არ იყო ეს ერთგვარი გარიგება მერაბ ჭანუყვაძესა და ბეგი სიორიძეს შორის, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, მერობის კანდიდატი უნდა იყოს?
_ ეს ყველაფერი პარტიის გადასაწყვეტია, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, პარტია უახლოეს მომავალში წარადგენს კანდიდატს. აქედან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მერობის კანდიდატი. ვინც იქნება ახალი გუბერნატორი, მინდა ვუსურვო გამძლეობა. გურია საკმაოდ რთული რეგიონია.