ლანჩხუთში, ჩინური კომპანია “სინოჰიდროს”ლანჩხუთელმა თანამშრომლებმა, რომლებიც ავტობანის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, კომპანიის ოფისთან დღეს მორიგი აქცია გამართეს _ ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი თქმით, მძიმე და შრომატევადი საქმიანობისთვის საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 1,9 ლარია, რაც დღეში 14-15 ლარია.
მუშების თქმით, ჩინური კომპანია კანონსაც არღვევს და ზეგანაკვეთური სამუშაოს დამატებით არ ანაზღაურებს.
“სინოჰიდროს” თანამშრომლებმა აქცია გასულ პარასკევსაც გამართეს და კომპანიას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს.
“1. ვითხოვთ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული 5–დღიანი სამუშაო კვირის და 40 სთ–იანი სამუშაო დროის დაცვას. ვითხოვთ 1 სთ–ში კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 50%–ით გაზრდას. დამატებითი საათები ანაზღაურებული იქნას ზეგანაკვეთური სამუშაოს წესით.
2. ვითხოვთ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ეთიკური და ადამიანური მოპყრობის წესების დაცვას, რაც დღევანდელი მდგომარეობით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ადამიანური უფლებები ირღვევა.
3. დამატებითი სამუშაო საათების დროს გაუმჯობესდეს კვების პირობები.
4. გაუმჯობესდეს მშრომელთა სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფა.
5. წესრიგში იქნას მოყვანილი ავტომანქანები, რომლებიც მუშაობენ კარიერებზე. კორპორაციაში დასაქმებულები ვაფრთხილებთ ხელმძღვანელობას, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვიწყებთ მასობრივ გაფიცვას და ვწყვეტთ ჩვენზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას”, _ აღნიშნული იყო მოთხოვნის ტექსტში.
როგორც დღეს გაირკვა, კომპანიამ მთავარი მოთხოვნა _ ხელფასების ზრდა არ დააკმაყოფილა.
მუშების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.