ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინურ კომპანია „სინოჰიდროში“ დასაქმებულბმა დღეს აქცია განაახლეს. ისინი ლანჩხუთის გამგეობასთან, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. შედეგად სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აქციის ერთ-ერთი მონაწილე შუქრი ბიწაძე დააკავეს. ამ ინცინდენტის შემდეგ აქციის მონაწილეებს გამგეობის სხდომათა დარბაზი დაუთმეს, სადაც მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, მოადგილე ბესიკ ტაბიძე და გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე გაესაუბრნენ და შეკრებილებს დახმარებასაც დაჰპირდნენ.
გამგეობის სხდომათა დარბაზში შეკრებილები ითხოვდნენ, რომ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ დაკავებული შუქრი ბიწაძე. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოადგილე მათ ამ საქმეში დახმარებას დაპირდა. გიორგი ხელაძემ პირობაც მისცა მათ, რომ რამდენიმე წუთში ბიწაძე მათ შემოუერთდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა. სამართალდამცველთა თქმით, დაკავებული ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად მიეცა პასუხისგებაში და იგი პოლიციის განყოფილებას შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ დატოვებს.
მთავარ მოთხოვნას, რის გამოც აქციის მონაწილეები გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ, სახელფასო ანაზღაურების 50%-იანი ზრდა წარმოადგენდა. შეკრებილები მუნიციპალიტეტის პირველ პირთან, ზაზა ურუშაძესთან შეხვედრასაც ითხოვდნენ.
„რატომ შემოუშვენ ამხელა მაგისტრალის მშენებლობაზე ისეთი კომპანია, რომელსაც ხელფასების გაცემა არ შეუძლია. თუ არ შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, რას ზიხართ აქ. სადაა გამგებელი, რატომ არ ჩნდება ჩვენთან. თუ მკვდარია, გვითხარით, სამძიმარს მაინც მოვიხდით.
ანაზღაურებას ხელზე 14-18 ლარს ვიღებთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი 50%–ით გაგვეზარდოს და ზეგანაკვეთური სამუშაო საათებიც ანაზღაურებაც მოხდეს. კონტრაქტის მიხედვით, ჩვენი სამუშაო საათი საღამოს ექვსის ნახევრისთვის მთავრდება, მაგრამ ჩინელები არ გვაძლევენ ამის უფლებას, ზედმეტად გვამუშავებენ. ხელისუფლებამ ჩვენსავე ქვეყანაში გვაქცია ჩინელების მონებად. ეს აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს და ხელფასებს არ გაგვიზრდიან.
არ გვინდა მაგათი ერთი კვერცხი და ორი ნაჭერი ყველი, თავად მოვიტანთ სახლიდან საკვებს, ნორმალური ანაზრაურება მოგვცენ“, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
„გურია ნიუსი“ ლანჩხუთში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ მიმართულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს დაუკავშირდა. სეთურიძის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები სტიქიური და არაკომპეტენტური ხასიათისაა, სადაც ძალადობრივ საუბრებს აქვს ადგილი.
„ყველა საკითხი, რასაც ჩინურ კომპანიაში დასაქმებულები ითხოვნდნენ, მოგვარებული იყო, ახლა აღმოჩნდა, რომ ანაზღაურების 50%-იან ზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს არ აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული და დადასტურებული საკუთარი მოთხოვნები, ძალიან სტიქიურ და არაკომპეტენტურ ხასიათს შეიცავს ეს აქციები, აქციის ზოგიერთ მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ და ხულიგნურ საუბრებს აქვს ადგილი. სახელმწიფოს არ შეუძლია პირდაპირ ჩაერიოს ორ სუბიექტს შორის არსებულ შეთანხმებაში, თუ საამისო განსაკუთრებული პირობები არ არსებობს. თუ მოთხოვნები, რომელიც აქვთ ჩინურ კომპანიაში დასაქმებულებს, იქნება არგუმენტირებული და დასაბუთებული, ყველას მხარში დავუდგებით“, _ აღნიშნა გიორგი სეთურიძემ „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას.