თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა დ. კ.-ს მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულების ვლადიმერ ბ.-ს, ალექსეი ნ.-ს და ევგენი მ.-ს მიმართ, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, “წარდგენილი ბრალის თანახმად, სამივე მათგანს ბრალად ედებოდათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჯგუფურად და შეკვეთით. მათვე ბრალად ედებოდათ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილების გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის ზამთარში, ბრალდებულები დაუკავშირდნენ ქ. გალში მცხოვრებ თემურ ბ.-ს და თანხის სანაცვლოდ სთხოვეს ერთ-ერთი თანამდებობის პირის მისამართი და გადაადგილების მარშუტის დადგენა. თავის მხრივ, თემურ ბ.-მ დახმარება სთხოვა ზუგდიდში მცხოვრებ ოთარ რ.-ს და ბრალდებულებისგან ხარჯებისათვის 5 000 აშშ დოლარი მიიღეს. 2008 წელს, აგვისტოში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო დ. კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, 2010 წელს ბრალდებულებმა, ამჯერად თემურ ბ.-ს დაუკვეთეს დ.კ.-ს მკვლელობა 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით და გადასცეს გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2010 წლის 5 მაისს, თემურ ბ.-მ და ოთარ რ.-მ მოქმედებაში მოიყვანეს თანამდებობის პირი დ. კ.-ს სამსახურებრივ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც ეს უკანაკნელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლომ, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილად მიიჩნია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტები ვლადიმერ ბ.-ს, ალექსეი ნ.-ს და ევგენი მ.-ს მიმართ. ამჟამად ძებნაში მყოფ ბრალდებულებს, სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო 2012 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ და საბოლოო სასჯელს სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
დაუსწრებლად გასამართლებული სამივე მსჯავრდებულის მიმართ, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებულები ითხოვენ სააპელაციო საჩივრის განხილვას მათი მონაწილეობის გარეშე”.
|
Developed By Web Features 2024 © All rights reserved