ფსიქოლოგიური დაავადება, რომელიც “პიტერ პენის სინდრომის” სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ სინდრომს სამედიცინო პრაქტიკაში. ამ მოვლენაზე პირველად მიუთითა დენ კილიმ 1984 წელს თავის წიგნში, სახელწოდებით “პიტერ პენის სინდრომი: მამაკაცები, რომლებიც არასდროს იზრდებიან”.
ისინი ჩვენ შორის მრავლად არიან – ადამიანები, რომელთა არსებაშიც ინფანტილური ბავშვურობა ჯერ კიდევ მძლავრად ცოცხლობს. ისინი როდი ამბობენ უარს ფიზიკურ გაზრდაზე, არა, უბრალოდ, მოწიფულობის რა ეტაპზეც არ უნდა იყვნენ, მათში პატარა ბავშვის პოვნა ყოველთვის შეიძლება, რადგან სულის სიღრმეში ისინი ამჯობინებენ ასეთად ყოფნას.
ისინი გაურბიან ყოველგვარი სახის პასუხისმგებლობას და ამაში, პირველ რიგში, იგულისხმება ვალდებულებები ურთიერთობებში და საერთოდ, მათ ვალდებულებების აღების შიში აქვთ! ასეთი ადამიანებისათვის არ არსებობს სერიოზული და მყარი ურთიერთობები, ხოლო ქორწინება თავისუფლების დაკარგვასა და უზრუნველი ცხოვრების შეწყვეტასთან ასოცირდება.
ეს სინდრომი აღენიშნებათ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მოუმწიფებელ ადამიანებს, უმეტესწილად მამაკაცებს. ისინი გამუდმებით საჭიროებენ დედობრივ მზრუნველობას. “პიტერ პენის” ტიპისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა დინების მიმართულებით ცურვა ზედმეტი ძალების დაუხარჯავად.
ასეთი ადამიანი შეიძლება დიდხანს დარჩეს მარტო სწორედ ამ სინდრომის “დამსახურებით”. არსებობს თუ არა შანსი? საკმარისია ადამიანმა დაძლიოს ეს სინდრომი და ფსიქოლოგიური მზადყოფნა გამოიმუშაოს, ის შეძლებს სრულყოფილი პირადი ურთიერთობების დამყარებას.