ნეპალში, ბანგლადეშსა და ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 165 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა მოსალოდნელია გაიზარდოს.
გავრცელებული ცნობით, წყალდიდობამ 3 დღის განმავლობაში 70 ადამიანი ნეპალში, 73 ინდოეთში და 22 ბანგლადეშში იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ინდოეთში, ასამში, 200 000-მდე ადამიანი საგანგებოდ გაკეთებულ ბანაკებში ცხოვრობს, სადაც წვიმიან სეზონნზე წყალდიდობები ხშირია.
გარდა ამისა, ნეპალის საზღვართან, ბიჰარის შტატში, 15 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, რადგან ბიჰარში შვიდივე მდინარემ სახიფათო ნიშნულს მიაღწია.
პოლიციის ინფორმაციით, ნეპალში 48 000-ზე მეტი სახლი დაიტბორა, ხოლო 21 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 47 ადამიანი დაკარგულად ითვლება.