ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა. მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა.