საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 7 ლარითა და 10 თეთრით შემცირდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 10 ლარით და 60 თეთრით გაიზარდა. წელს ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174.3 ლარი იყო. ივლისში კი 167.2 ლარია. 2016 წლის ივლისში იგივე მონაცემი 156.6 ლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში შემცირებულია საშუალო მომხმარებლისა (148.1 ლარი) და საშუალო ოჯახის (280.4 ლარი) საარსებო მინიმუმები.
საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.