ოზურგეთში უცხო ქვეყნიდან ახლახან დაბრუნებულმა მოქალაქე დავით ნონიაშვილმა, „გურია ნიუსის“ რედაქციას წერილით მომართა, რომელშიც საუბრობს ოზურგეთში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მოდერნის“ წინააღმდეგ. მისი პრეტენზია ორ თვეზე მეტი ხნის წინ შეძენილ ტელევიზორს ეხება, რომელიც მისივე თქმით, ადგილზე დააზიანეს და ისე გაატანეს სახლში. მალე უკან დააბრუნა და ამბობს, რომ დღემდე არც ტელევიზორი დაუბრუნეს და არც ფული. ახლა კი სურს, საფასურის დაბრუნება.
_ რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი საქართველოში. დიდი ხანია, სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი. სამშობლოში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, სხვადასხვა საოჯახო ტექნიკა შემეძინა. პირველ რიგში, ტელევიზორის ყიდვა გადავწყვიტე. ოზურგეთში, სავაჭრო ცენტრ „მოდერნში“ ვიყიდე სამსუნგის ფირმის ტელევიზორი. 1800 ლარი წინასწარ გადავიხადე და შემპირდნენ, რომ ორ დღეში იქნებოდა ის ტელევიზორი, რომელიც მე მინდოდა. თუმცა, როცა შინ მივიტანე, აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო. გამახსენდა, რომ ხელოსანმა, როცა ტელევიზორს სადგამი გაუკეთა, მთელი ძალით აწვებოდა. სწორედ მაშინ თუ გაფუჭდა. რომ არ იმუშავა, შევატყობინე. მითხრეს, მოიტანეო. მეც მივიტანე, თუმცა, ახალი არ მომცეს. ამას შევცვლითო, განმიცხადეს. მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა და დღემდე არავინ მაძლევს წესიერ პასუხს, მხოლოდ მატყუებენ. ახლა მინდა, ჩემი ფული დამიბრუნონ, ხელზე მაქვს ქვითარი. შემპირდნენ, რომ ორ კვირაში მომიტანდნენ, თუმცა ორი თვე გავიდა და არც ფულს მიბრუნებენ, არც ტელევიზორს მაძლევენ. მე ტელევიზორი აღარ მინდა. ის ტექნიკოსი კი გაათავისუფლეს. მოიყვანეს ახალი მენეჯერი, რომელიც არ მაქცევს ყურადღებას. პირიქით, მეუბნებიან, რომ მათ ოზურგეთში ვერავინ შეეხება. მეუბნებიან, რომ ტელევიზორი მე დავაზიანე. გიჟი არ ვარ და ნივთებს არ ვამსხვრევ. ვითხოვ, დამეხმაროთ, რადგან ვერაფერს გავხდი ამ ორგანიზაციასთან. დამეხმარეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, _ გვეუბნება დავით ნონიაშვილი, რომელიც ასახელებს ტელევიზორის გატანის თავდაპირველ რიცხვს, 2 ივნისს. მას შემდეგ ორ თვეზე მეტი გავიდა და პასუხის ღირსად არ მთვლიანო.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა „მოდერნის“ მენეჯერს ნიკა გუგუნავას. მას გავაცანით მოქალაქე ნონიაშვილის წერილის შინაარსი. ნიკა გუგუნავამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ მოქალაქე ნონიაშვილი რასაც ამბობს, ეს ყველაფერი ტყუილია, სრული სიცრუე. ის მართლაც მოვიდა ჩვენთან და შეიძინა ტელევიზორი. ჩვეულებრივად, ყველანაირი ნორმების დაცვით გადაეცა კუთვნილი ტელევიზორი. მომხმარებელმა სამ დღეში ეს ტელევიზორი უკან მოიტანა. გეტყვით, რომ სანამ წაიღებდა, როგორც წესია, ადგილზე მოხდა დატესტვა. ეს ყველაფერი ვიდეომასალაში ჩანს. ჩანს ისიც, როგორ უყურებს ამ ყველაფერს თვითონ. შემდეგ ისევ უკან მოიტანა და თქვა, არ მუშაობსო. ჩვენ შევთავაზეთ ამ ტელევიზორის სერვისში გაგზავნა. ნონიაშვილი დაგვეთანხმა, გავგზავნეთ და მოვიდა პასუხი, რომ ტელევიზორს აქვს ფიზიკური დაზიანება. ეს დაზიანება მიყენებულია მისგან. თაბაშირმუყაოზე არის ჩამონაკიდები, როგორც ეტყობა. სავარაუდოდ, ჩამოუვარდა. ვიმეორებ, ჩვენთან რაც მოხდა, როგორ შეიძინა და წაიღო, დაფიქსირებულია ვიდეომასალის სახით. არც უყურადღებოდ დაგვიტოვებია. უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. დავუკავშირდით სამსუნგის ფირმას და შეცვალეს ეკრანი. თუმცა, მათაც აღნიშნეს, რომ ტელევიზორს ფიზიკური დაზიანება ჰქონდა მიყენებული და მხოლოდ ამიტომ არ მუშაობდა.
ნონიაშვილმა, გარდა ასეთი პრეტენზიისა, პოლიციაშიც იჩივლა ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენგან წაიღეს ვოდეომასალა და ნახეს ტელევიზორის შეძენის პროცესი, რაც ადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას. ჩვენი თანამშრომლები დაიბარეს პოლიციაში და დაკითხეს. ნონიაშვილს ჰყავდა ადვოკატი, რომელმაც, საბოლოოდ, უარი თქვა მის დაცვაზე. ყოველივე ეს მოწმობს, როგორ ტყუის ის ჩვენთან”, _ გვითხრა ნიკა გუგუნავამ.
_ თუმცა, ნონიაშვილი ამბობს, რომ არ დაიბრუნებს ტელევიზორს, რადგან არ სურს შეკეთებული ტექნიკა. ითხოვს იმ ფულის უკან დაბრუნებას, რომელიც ტელევიზორში გადაიხადა და რომლის ქვითარიც თან აქვს.
_ რაც შეეხება თანხის დაბრუნებას, ამას მე ერთპიროვნულად ვერ გადავწყვეტ. უკიდურეს შემთხვევაში, მას შეუძლია, სასამართლოს მიმართოს.
თუ ფულს არ დაუბრუნებენ, სასამართლოსთვის მიმართვაზე საუბრობს დავით ნონიაშვილიც.