საქართველოს მეორე ეროვნული ჩემპიონატი ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ხაშურის „ივერიასთან“ სტუმრობით განაახლა და ნათია წოწერიას ჰეთთრიკით უშანსოდ 0:3 დაამარცხა კიდეც მასპინძლები.
ლანჩხუთელი გოგონები აშკარა უპირატესობა მატჩის დასაწყისიდანვე ფლობდენ, შედეგმაც არ დააყოვნა და 30-ე წუთზე ალელიშვილის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს საჯარიმოში ყველას წოწერიამ დაასწრო და ბურთი თავით გადაგზავნა მასპინძელთა კარში. გატანილი გოლის შემდეგაც არ დაუგდიათ გურულ გოგონებს თამაშის ტემპი, თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე გოლი კი მატჩის მე-60 წუთზე გავიდა, როცა ალელიშვილმა მარჯვენა ფლანგზე ორი მეტოქე ჩამოიცილა, ჩააწოდა საჯარიმო მოედანზე, სადაც კარიდან გამოსულ მეკარეს წოწერიამ ბურთზე თამაში დაასწრო და მიუხედავად იმისა, რომ კარში ორი მცველი იდგა, ანგარიშის ორამდე გაზრდა არ გასჭირვებია. გოლის შემდეგ იერიშები ისევ გაგრძელდა და 75-ე წუთზე ხაშურელთა კარში მესამე გოლი გავიდა- ალელიშვილმა კუთხური ჩამოაწოდა, საჯარიმოში წოწერიამ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ჰეთთრიკიც გაიფორმა.
ლანჩხუთელ გოგონებს მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს გორში ელით ადგილობრივ „ლედი გორთან“.