სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, წარსულში განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ დაახლოებით 21 საათზე, ძალის გამოყენებით გააღეს 81 წლის ჟ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის კარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ მას და თანხა მოსთხოვეს. თავდამსხმელებს ჟ.ა.-მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ჯ.ბ.-მ და გ.ნ.-მ მას თავისა და სხეულის არეში მრავლობითი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.ბ. და გ.ნ. დაეუფლნენ ჟ.ა.-ს კუთვნილ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სრულწლოვანმა გ.ნ.-მ ცოლად შეირთო წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი გოგონა, რომელთანაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სასამართლომ ჯ.ბ. და გ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ჯ.ბ.-ს 20 წლით ხოლო გ.ნ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.