რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი გუშინ გურიას სტუმრობდა _ მან გურიის გუბერნატორად აწ უკვე ოზურგეთის ყოფილი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე წარადგინა და გურიას წარმატება და აყვავება უსურვა.
კახა გულედანი ჩქარობდა გურიიდან წასვლას, თუმცა, ჩვენს კითხვებს მაინც უპასუხა. სამწუხაროდ, მისმა პასუხებმა ჩვენი ინტერესი სრულად ვერ დააკმაყოფილა.
_ ბატონო კახა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღე უკვე გამოცხადდა. თქვენ როგორ გესმით თვითმმართველობის არსი, როცა მეოთხედი საუკუნის მანძილზე საარჩევნო გარემო, თითქმის, უცვლელია? _ არ იცვლება მიდგომა, დამოკიდებულება, კონტიგენტი, ცნობიერება…
_ რას მეკითხებით? _ მხრები აიჩეჩა გულედანმა.
_ ახლახან შეიცვალა გურიის გუბერნატორი და თქვა, რომ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება. თუმცა, გიორგი კობახიძემ მიაყოლა, წავიდა ის დრო, როცა გუბერნატორები არჩევნებში კომისრების როლს ასრულებდნენო. რას ნიშნავს ეს _ აწი არავინ ჩაერევა არჩევნებში?
_ გია სალუქვაძეზე მკითხებით, ხომ? ეს კობახიძემ თქვა? არ ვიცი ამის შესახებ, მე არ მომისმენია.
_ თქვა და ხალხს აინტერესებს, რატომ თქვა. თუ სალუქვაძე „კომისარი“ იყო, ახლა გაიგო კობახიძემ და აწი არჩევნებში არავინ ჩაერევა?
_ აბა, მე როგორ გაგცეთ პასუხი იმაზე, კობახიძემ რა თქვა და რატომ? მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვიცი ამის შესახებ, არ მომისმენია.
_ თხილის ფასის ისეთი ცვალებადობა და ვარდნა, თითქმის ყოველდღე, როგორც გურიაშია, ალბათ, არსად ხდება. ასე თუ ისე, ყველა სახის პროდუქციის ფასი რეგულაციას ექვემდებარება, გარდა თხილისა. ხალხი ძალზე გამწარებულია, მარჩენალ კულტურას, იქნებ, ასაჩეხად მიადგეს…
_ რა გითხრათ? ვიცი, რომ მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიება გატარდა და ტარდება _ მე ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ისე კი არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც უფრო კონკრეტულად გიპასუხებენ. მე შორს ვარ ამ საკითხისგან, შორს კი არ ვარ, უფრო სწორად, ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
_ რეგიონული სამინისტროს მაღალჩინოსანი ხართ. ირიბად გეხებათ და თქვენც რომ მიიტანოთ ხალხის ხმა მთავრობამდე, კარგი იქნება. არის ცალკეული ნათელი წერტილები, თუმცა ქართული სოფელი ფეხზე ვერ დადგა. ერთადერთი იმედი _თხილიც, ფაქტობრივად, ხელიდან ეცლება გლეხს.
_ რა გითხრათ? ვიმეორებ, ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და შეგიძლიათ შესაბამის სამინისტროს მიმართოთ.