ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გოგი ფაცურიამ დამატებით საკითხად დეპუტატებს განკარგულების დამტკიცება შესთავაზა, რომლის მიზანიც სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემაა.
როგორც ფაცურიას მოხსენებიდან გაირკვა, აზიური ფაროსანას მავნებლობამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა აწარმოოს და ამიტომაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ნაშთად დარჩენილი ბიფეტრინის შემცველი პრეპარატი უკან წაიღოს. როგორც გაირკვა, იმ 210 ათასი ლარიდან, რაც მუნიციპალიტეტს მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყო, 105 ათასი ლარია ამ დროისთვის გახარჯული.
ფაცურიას მიერ წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს წევრთა მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
საკრებულოს წევრმა დარეჯან ბურჭულაძემ ის შეხვედრები და პასუხგაუცემელი კითხვები გაიხსენა, რომელიც შეწამვლით ღონისძიებებს წინ უძღოდა.
„შიმშილის ზღვარზე ვართ უკვე, არც ხილია, არც ბოსტნეული და აღარც სიმინდი. მაშინ ჩვენ გვქონდა კითხვები, რამდენად ეფექტური იყო ეს შეწამვლა. აღმოჩნდა, რომ არც წამალი იყო ეფექტური და შეწამვლის ღონისძიებებიც დაგვიანებული იყო. ვინ აგებს ამაზე პასუხს?! საინტერესოა, იმავე პრეპარატით აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეწამვლას თუ სხვა“, _ კითხვა დასვა ბურჭულაძე, რაზეც ფაცურიასგან პასუხად მიიღო, რომ პრეპარატი უცვლელი რჩება.
გახორციელებული ღონისძიებები უეფექტო იყო დეპუტატ ნონა მურვანიძის აზრითაც, რაშიც უმრავლესობის წევრი ია ჩხაიძე პოლიტიკური ოპონენტები ბრალეულობას ხედავს. ჩხაიძემ მათ მოსახლეობის დაშინებაში დასდო ბრალი.
„შეწამვლის ღონისძიებები, დიაღაც, შეფერხდა იმ ადამიანების გამო, რომლებმაც მოსახლეობას დეზინფორმაცია მიაწოდეს, დააშინეს ისინი. ხელისუფლებამ როგორც დაამარცხა „ნაციონალები“, ისე დაამარცხებს ამ ფაროსანასაც“, _ ცხარობდა ჩხაიძე.
ჩხაიძისგან განსხვავებით, დეპუტატი რომან ბიწაძე თვლის, რომ ეს მთავრობა დამარცხდა ფაროსანასთან ბრძოლაში.
„აზიური ფაროსანა, რომ მართლაც სერიოზული მავნებელია, ყველანი ვთანხმდებით. ფაქტობრივად, მასთან ბრძოლაში საქართველო დამარცხდა. გაზეთებში სტატიაც გამოქვეყნდა სათაურით ,,ცუანასთან ბრძოლაში საქართველო მარცხდებაო“. ეს არის დასავლეთ საქართველოს ტრაგედია, რადგან რეალურად არამარტო თხილის მოსავლის, ანუ ფულადი შემოსავლის გარეშე დარჩა ჩვენი გლეხობა, არამედ ამ მავნებელმა, ფაქტობრივად, გაანადგურა კურკოვანი და თესლოვანი ხილი, ბაღჩეული და ახლა სიმინდის ნათესებს შეესია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია“, _ ამბობს რომან ბიწაძე და აქვე ხელისუფლებას ტყუილშიც ადანაშაულებს: „რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება?! იმის ნაცვლად, რომ სიმართლე თქვას, უთხრას მოსახლეობას, რომ ამ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება არ გვაქვს, რომ ქიმიური წამლობის სამუშაოები დავიწყეთ გვიან, რომ ადგილი ჰქონდა ამ საქმეში ხელისშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და ა.შ. ადგილობრივი ხელისუფლება დაადგა მოსახლეობის მოტყუების პოლიტიკის გზას და დაიწყო მათი შეცდომაში შეყვანა პროპაგანდისტული და სხვადასხვა პიარსაშუალებებით“.
ბიწაძისვე თქმით, ამ ეტაპზე მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური საშუალებებით არაეფექტურია.
„შეიძლება ყველამ არ ვიცით, მაგრამ ქიმიური წამლობა ტარდება ნიმფის, მატლის სტადიაში. ფაროსანა უკვე ზრდასრულია, დაფრინავს ამ ეტაპზე ქიმიური წამლობის ეფექტიანობა ნულის ტოლია. მოსახლეობას კი იმედი აქვს, რომ შეიწამლა მავნებელი და გადაურჩათ მოსავალი, ანუ ცრუ მოლოდინებს ვუჩენთ მათ. უფრო მეტიც თერმული ნისლით ფაროსანას არ ებრძვიან, იგი ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ გამოიყენება. არ ვარგა ტყუილი, რადგან სიმართლის სათქმელად და მათ ინტერესების დასაცავად აგვირჩია მოსახლეობამ ჩვენ“, _ დასძინა ბიწაძემ, რასაც მმართველი გუნდიდან რეპლიკა მოჰყვა _ მაშინ შენ გვირჩია, რა არის გამოსავალიო.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრის, გია გოგუაძე აზრით, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობისთვის კომპენსაციის დარიგებაა. ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაჟღერებული იდეა მისაღები საკრებულოს სხვა წევრებისთვისაც დარჩა.
საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ნაშთად დარჩენილი ბიფეტრინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუბრუნდა, ხოლო მიიღებს თუ არა გურული გლეხობა კომპენსაციის თანხას, ჯერჯერობით, არავინ იცის.